ანრი ოხანაშვილი: დემოკრატიული პროცესისთვის მნიშვნელოვანია ის ნაბიჯი, რაც ბიძინა ივანიშვილმა გადადგა – ეს არის სრულიად განსხვავებული დემოკრატიულ-მორალური სტანდარტი
,,დემოკრატიული პროცესისთვის მნიშვნელოვანია ის ნაბიჯი, რაც ბიძინა ივანიშვილმა გადადგა – ეს არის სრულიად განსხვავებული დემოკრატიულ-მორალური სტანდარტი,” – ასე აფასებს ,,ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, ანრი ოხანაშვილი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილებას.
ოხანაშვილის თქმით, უახლოეს პერიოდში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება. მან ასევე აღნიშნა, რომ ჯერჯერობით უცნობია, ვინ ჩაანაცვლებს ივანიშვილს.
,,ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა მისი ძალიან დიდი და ისტორიული კვალი დატოვა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. ამას შეაფასებს ჩვენი საზოგადოება კიდევ ეტაპობრივად და, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია დემოკრატიული პროცესისთვის ის ნაბიჯი, რაც მან გადადგა – ეს არის სრულიად განსხვავებული დემოკრატიულ-მორალური სტანდარტი, რომ იყო ხელისუფლებაში და არ გქონდეს სწრაფვა ძალაუფლებაში მუდმივად დარჩენისკენ. მას არასოდეს არ ჰქონია მიზნად დასახული პოლიტიკაში მუდმივად დარჩენა, ეს არის ავტოკრატიისა და ტირანიისკენ მიმართული მიდგომა, როდესაც ადამიანს აქვს ამბიცია, მუდმივად დარჩეს ხელისუფლებაში, რა არაჯანსაღი ამბიციაც ჰქონდა 2012 წლამდე არსებულ ხელისუფლებას და მათ ლიდერებს. ბიძინა ივანიშვილის მთავარი ამოცანა და საზრუნავი იყო ხალხის წინაშე მსახურება, რასაც ის ძალიან დიდი ძალისხმევუთ ეწეოდა”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ცნობისთვის, ,,ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ღია წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ პარტიის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის.