საპატრიარქო: 7 იანვარს ალილოს მსვლელობა არ მოეწყობა, მაგრამ სამღვდელოება მოსახლეობასა და ბავშვებს მანქანებიდან კმევით, გალობითა და ნაკურთხი წყლის სხურებით მიულოცავს შობას
საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, პანდემიის გამო, 7 იანვარს „ალილო” სახეცვლილად ჩატარდება – კერძოდ, არ მოეწყობა მსვლელობა, მაგრამ სამღვდელოება მოსახლეობასა და ბავშვებს მანქანებიდან კმევით, გალობითა და ნაკურთხი წყლის სხურებით მიულოცავს შობას.
მათივე ცნობით, ხვალ საშობაო მსახურებას საქართველოს პატრიარქი, ილია მეორე აღასრულებს.
“მაცხოვრის შობა ქრისტიანულ სამყაროში დიდებული დღესასწაულია. შობას საქართველოში კიდევ უფრო სადღესასწაულო ელფერი, უწმინდესის კურთხევით, 2000 წლიდან მიეცა.
წლებია, 7 იანვარს თბილისსა და მთელს საქართველოში ტრადიციული საზეიმო მსვლელობა – „ალილო“ ეწყობა. მსვლელობის დროს გროვდება შემოწირულობა, რომელიც დახარისხების შემდეგ ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში რიგდება. „ალილო“ წელსაც არ არღვევს ტრადიციას, თუმცა, მსოფლიო პანდემიის გათვალისწინებით, დაწესებული რეგულაციების დაცვით, სახეცვლილად ჩატარდება:
არ მოეწყობა მსვლელობა, მაგრამ სამღვდელოება მოსახლეობასა და ბავშვებს მანქანებიდან კმევით, გალობითა და ნაკურთხი წყლის სხურებით მიულოცავს შობას. ალილოობის დღესასწაულს წელსაც ერთად აღვნიშნავთ და შევძლებთ, გავახაროთ ბავშვები, მოხუცები და პატიმრები…
საშობაო მსახურება დაიწყება ხვალ, ოთხშაბათს, საღამოს 23:00 საათზე, რომელსაც აღასრულებს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ილია II”, – ნათქვამია ინფორმაციაში.