დავით ბაქრაძე: გულწრფელად გეტყვით, რომ ვადამდელი არჩევნები ახლა პარტიულად ჩვენ არ გვაწყობს

პარტია “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ პარტიას ამ ეტაპზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ აწყობს, რადგან ფინანსურ პრობლემებს განიცდის.

თუმცა, პოლიტიკოსი აცხადებს, რომ ამის მიუხედავად პარტია მზად არის, გვერდზე გადადოს საკუთარი პრობლემები და მოიქცეს ისე, როგორც ეს სახელმწიფოს სჭირდება კრიზისიდან გამოსასვლედ. ამისთვის კი, ბაქრაძის თქმით, საჭიროა საზოგადოების გახლეჩის დასრულება და არჩევნების ჩატარება.

ამის შესახებ ბაქრაძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“გულწრფელად გეტყვით, როგორც პარტიის თავმჯდომარე, რომ ვადამდელი არჩევნები ახლა პარტიულად ჩვენ არ გვაწყობს იმიტომ, რომ პარტიას აქვს ძალიან მძიმე ფინანსური პრობლემები ამხელა ჩატარებული კამპანიის შემდეგ. პარტიას აქვს საორგანიზაციო პრობლემები და ხელახალი კამპანიის ჩატარება არის ძალიან მძიმე. ამიტომ, სუფთა პარტიულად, როგორც პარტიის თავმჯდომარე გეტყვით, რომ ჩვენთვის შეიძლება უკეთესი იყოს რომ რაღაცა დრო გავიდეს, პარლამენტში შევიდეთ, ვიმუშაოთ, მოვძლიერდეთ, ახალი ფინანსური წყარო ვიპოვოთ და მერე გავიდეთ არჩევნებზე. ოღონდ მთავარი იცით რა არის, რომ ეს ჩემი პარტიული მოსაზრება არის მეათე ხარისხოვანი იმასთან შედარებით, რაც სჭირდება ქვეყანას. და ქვეყანას ამ კრიზისიდან გამოსასვლელად სჭირდება, რომ საზოგადოების გახლეჩა დასრულდეს და ჩატარდეს არჩევნები. ამიტომ, გულწრფელად მზად ვართ, გვერდზე გადავდოთ პარტიული პრობლემები იმიტომ, რომ დღეს ქვეყანას სიმშვიდისთვის, წინსვლისა და მშვიდობისთვის სჭირდება საზოგადოების ერთიანობა”, – თქვა ბაქრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები