ექსპერტი: ტარიფის ზრდა ენერგეტიკის სექტორისთვის აუცილებელია

საქართველოს ენერგოეფექტურობის ცენტრის ხელმძღვანელის, გიორგი აბულაშვილის აზრით ტარიფის ზრდა გარდაუვალია.

მისივე თქმით, საქართველოს ენერგოდამოკიდებულება სხვა ქვეყნებზე იზრდება, რაც ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის გაზრდის უპირობო საფუძველია.

„ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება, ხოლო ადგილობრივი გამომუშავების ზრდა ვერ ეწევა ამ ტემპს. ამდენად, ტარიფის გაზრდა არასასიამოვნო ფაქტია, მაგრამ გარდაუვალი. წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება ელექტროენერგეტიკის სისტემის დეგრადაცია, რაც 90–იან წლებში გამოვიარეთ. საქართველოს ენერგოდამოკიდებულება სხვა ქვეყნებზე იზრდება, რაც ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის გაზრდის უპირობო საფუძველია“, – აცხადებს გიორგი აბულაშვილი.

მისივე თქმით, თუ რამდენით უნდა გაიზარდოს ტარიფი, ეს დეტალური კვლევის საგანია. „რა თქმა უნდა, კომპანიების სურვილია, რაც შეიძლება მეტი მოგება მიიღონ, მაგრამ სემეკის მოვალეობა და ფუნქცია ის არის, რომ დააბალანსოს მათი მოთხოვნა და რეალური გარემოებები, რის მიხედვითაც უნდა დაუმტკიცონ ახალი ტარიფები“, – ამბობს ენერგოეფექტურობის ცენტრის ხელმძღვანელი.

გიორგი აბულაშვილის აზრით, ტარიფის დიფერენცირება საყოფაცხოვრებო სამომხმარებლო სექტორსა და ბიზნესსექტორს შორის შენარჩუნდება. „საქართველოში იურიდიული პირები აბალანსებენ მოსახლეობის მიერ მოხმარებულ ენერგიაზე დაკლებულ გადასახადებს თავისი გადახდებით. რიგ ქვეყნებში პირიქითაა – მაგალითად, თუ მრეწველობის განვითარებაზე აქვთ აქცენტი, იქ შეიძლება საყოფაცხოვრებო ტარიფი უფრო მაღალი იყოს, ვიდრე სამრეწველო სექტორისთვის დაწესებული ტარიფები“, – განმარტავს ენერგეტიკოსი. „საქართველოში ენერგოეფექტურობის პროექტების განხორციელების ერთ–ერთი ხელშემშლელი ბარიერი არის ის, რომ ეს პროექტები, დაბალ ნიშნულზე შენარჩუნებული ენერგოგადასახადების ფონზე, კომერციულად ნაკლებად მომხიბვლელი იყო. თუ სწორად მოხდა ფასების განსაზღვრა, მაშინ ენერგოეფექტურობის პროექტების განხორციელების შესაძლებლობა გაცილებით მაღალი იქნება“, – აცხადებს გიორგი აბულაშვილი.

დღეისათვის, „თელასის“ აბონენტებისთვის 0 კვტ.სთ-დან 101 კვტ.სთ-ის ჩათვლით სამომხმარებლო ტარიფი, დღეის მდგომარეობით, დღგ–ს გარეშე 12.325 თეთრს, ხოლო დღგ–ს ჩათვლით 14.544 თეთრს შეადგენს. 101 კვტ.სთ-დან 301 კვტ.სთ-ის ჩათვლით – დღგ–ს გარეშე 15.725 თეთრი, ხოლო დღგ–ს ჩათვლით 18.556 თეთრია. ხოლო 301 კვტ.სთ-დან და მეტი, შესაბამისად, 19.525 და 23.040 თეთრი ღირს.

სს „ენერგო–პრო ჯორჯიას“ საყოფაცხოვრებო მომხმარებელთა ტარიფებს რაც შეეხება, 0 კვტ.სთ-დან 101 კვტ.სთ-ის ჩათვლით დღგ–ს გარეშე 12.065 თეთრი, ხოლო დღგ–ს ჩათვლით 14.237 თეთრს შეადგენს. მოხმარებული 101 კვტ.სთ-დან 301 კვტ.სთ-ის ჩათვლით, შესაბამისად, 15.435 და 18.213 თეთრია, ხოლო 301 კვტ.სთ-დან და მეტი – 19.265 და 22.733 თეთრია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები