გიორგი ტყემალაძე: პანდემიის მიუხედავად, ჩვენ შევძელით დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროგრამების არა მხოლოდ შენარჩუნება, არამედ – მათი განვრცობა და ახალი პროექტების ინიცირება
“პანდემიის მიუხედავად, ჩვენ შევძელით დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროგრამების არა მხოლოდ შენარჩუნება, არამედ – მათი განვრცობა და ახალი პროექტების ინიცირება”, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, დღეს განვლილი პერიოდის შეჯამება მოხდა და ასევე ის პროექტები განიხილეს, რომლებიც დედაქალაქისა და მოსახლეობის საკეთილდღეოდ მომავალ წელს განხორციელდება. გიორგი ტყემალაძის თქმით, პანდემიის მიუხედავად, მუნიციპალიტეტმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება შეძლო.
„წლევანდელი წელი სრულიად განსხვავებული იყო ყველა ჩვენგანისთვის მსოფლიო პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე. ამ ურთულეს პერიოდში მუნიციპალიტეტმა შეძლო, ოპერატიულად მიეღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები სხვადასხვა ხელშემწყობი ღონისძიების განხორციელებისთვის.
აღსანიშნავია, რომ ამ რთულ პირობებში ჩვენ მერსა და მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან ერთად შევძელით დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროგრამების არა მხოლოდ შენარჩუნება, არამედ – მათი განვრცობა და ახალი პროექტების ინიცირება”, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც 1 მილიარდ 50 მილიონ ლარს აღემატება. მისი თქმით, ფინანსური დოკუმენტი სრულად შეესაბამება მოსახლეობის მიერ მხარდამჭერ პრიორიტეტებს.
„დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტით, რომელიც 1 მილიარდ 50 მილიონ ლარს აღემატება, გათვალისწინებულია ის პროექტები და თანმიმდევრული ღონისძიებები, რომელიც სრულად შეესაბამება ჩვენი მოსახლეობის მიერ მხარდაჭერილ პრიორიტეტებს და მიმართულებებს.
სწორედ ამ პრიორიტეტების მიხედვით ხორციელდებოდა უმნიშვნელოვანესი პროექტები ამ სამი წლის განმავლობაში, რის შედეგადაც ჩამოვაყალიბეთ ეფექტური მართვის პოლიტიკა და ქალაქის განვითარების ერთიანი ხედვა.
მომავალი წლის ბიუჯეტთან მიმართებით მინდა, აღვნიშნო, რომ ურთულესი გამოწვევის პირობებში იმედისმომცემია 2021 წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტით გათვალისწინებული უმნიშვნელოვანესი პროექტები, რომლებიც ვფიქრობ, მართლაც განაპირობებს ქალაქის სწორ განვითარებას.
ვიმედოვნებ, ყველა მათგანი წარმატებით განხორციელდება”, – განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ.