გიორგი ხელაშვილი: ოპოზიციის ქცევა იმაზე მიუთითებს, რომ მოულოდნელად შეიძლება, პოლიტიკური ვითარება შეიცვალოს და საგარეო პოლიტიკურ არჩევანს საფრთხე დაემუქროს
“ჩვენი ოპოზიციის ქცევა იმაზე მიუთითებს, რომ მოულოდნელად შეიძლება, პოლიტიკური ვითარება შეიცვალოს და საგარეო პოლიტიკურ არჩევანს საფრთხე დაემუქროს, რაც არის ევროატლანტიკური არჩევანი – გარკვეული პოლიტიკური ძალები ანტიდასავლური გავლენის ქვეშ ექცევიან”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გიორგი ხელაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს მოწინააღმდეგე ბირთვული ზესახელმწიფოა, რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრიობასა და ტერიტორიულ მთლიანობას ემუქრება.
ამ კუთხით, ხელაშვილი დაინტერესდა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს გიორგი გახარიას მიმართა კითხვით, როგორ მოხდება ინსტიტუციურად ეროვნული უსაფრთხოების სისტემის გამართვა, კრიზისის მენეჯმენტი და კოორდინაცია.
“შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარება ითხოვს სწრაფ სვლას დასავლეთისკენ. ჩვენმა მთავრობამ სწორად დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის წყალობით და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებით რეგიონული მშვიდობის შენარჩუნება შესძლო, მაგრამ ეს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში შეიძლება, არ იყოს საკმარისი იმისთვის, რომ დაჩქარებულად წავიდეთ ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ. გაქვთ თუ არა ახალი იდეა, რაზეც დასავლეთი უარს ვეღარ იტყვის და რითაც ჩვენი ინტეგრაცია უფრო დაჩქარდება“, – მიმართა გახარიას გიორგი ხელაშვილმა.