სერგი კაპანაძე: კელი დეგნანმა დაადასტურა სწორედ ის განწყობა, რომელზეც ოპოზიცია საუბრობს მთელი ამ პერიოდის განმავლობაში

„ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა დაადასტურა ის განწყობა, რომელზეც ოპოზიცია საუბრობს.

კაპანაძე იმედოვნებს, რომ აშშ-ის ელჩის განცხადებები და ზოგადად ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა იქნება წამახალისებელი “ქართული ოცნებისთვის” რომ კრიზისიდან გამოსასვლელად გადაწყვეტილებები მიიღოს.

„ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა დაადასტურა სწორედ ის განწყობა, რომელზეც ოპოზიცია საუბრობს მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რომ იყო ისეთი დარღვევები, რომლებიც იყო მნიშვნელოვანი, რომ გასაჩივრების პროცესი იყო სრულიად არაადეკვატური, რომ პრაქტიკულად ინსტიტუციებმა, რომელთაც ნათელი უნდა მოეფინათ, მართლა იყო თუ არა დარღვევები, ყველა საჩივარზე თქვეს უარი და აქედან გამომდინარე არ მოგვეცა საშუალება, რომ ჩვენი სიმართლე დაგვემტკიცებინა. ეს ხდება ხოლმე ისეთ სახელმწიფოებში, სადაც ყველა ინსტიტუცია არის ერთპარტიული და ერთ ადამიანზე დაქვემდებარებული. ის შეშფოთება, რაც აშშ-ის ელჩმა გამოთქვა, რომ ამ ყველაფრის შედეგად საზოგადოებაში ჩნდება უნდობლობა არჩევნების მიმართ, არის სწორედ ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ ამ წლების განმავლობაში და განსაკუთრებით ამ ბოლო კვირების განმავლობაში. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ისევ მზად ვართ მივიღოთ მონაწილეობა მოლაპარაკებებში, იმ მიზნით, რომ სწორედ ეს ნდობა, რომელიც არჩევნების მიმართ არის დაკარგული, აღდგეს საზოგადოებაში და ჩატარდეს ახალი არჩევნები შეცვლილი წესებით, წესებით, რომლებიც გამორიცხავს იმას, რომ ისევ იყოს დარღვევები და ისევ მოხდეს ჩვენი თანამოქალაქეების არჩევანის წართმევა და მათი ნების გაყალბება. რა თქმა უნდა, პოლიტიკური გამბედაობა არის საჭირო „ქართული ოცნების” მხრიდან, რადგან მათი მხრიდან თუ არ იქნება გადადგმული ნაბიჯი, ამ კომპრომისულ წინადადებასთან დაკავშირებით, რაც ეხება ახალ არჩევნებს, მაშინ ეს კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება და სწორედ ამას მოვუწოდებთ ჩვენ ამ ბოლო დღეების განმავლობაში. მე მაქვს იმედი, რომ აშშ-ის ელჩის ეს განცხადებები და ზოგადად ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა იქნება წამახალისებელი “ქართული ოცნებისთვის”, რომ მიიღოს ეს გადაწყვეტილება, ამ კრიზისიდან გამოვიდეთ, ეს ერთპარტიული პარლამენტი, რომელიც რამდენიმე დღეა არსებობს, აღარ გაგრძელდეს როგორც პრაქტიკა, რომელიც რამდენიმე თვე და წელი იქნება, რადგან ეს ძალიან მძიმე იქნება ქვეყნისთვის“, – განაცხადა კაპანაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები