იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა ოჯახის წევრები მთავრობისგან 100 მილიონ ევროს ითხოვენ – მათ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს
იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა 500-ზე მეტი ოჯახის წევრებმა მთავრობის წინააღმდეგ კოლექტიური სარჩელი შეიტანეს, რომელშიც კომპენსაციის სახით 100 მილიონ ევროს ითხოვენ.
Corriere della Sera-ს ინფორმაციით, სარჩელი რომის სასამართლოში დღეს იქნა შეტანილი და ის მინისტრთა საბჭოს, ასევე, ლომბარდიის რეგიონის ჯანდაცვის უწყების წინააღმდეგ არის მიმართული.
მოსარჩელეთა შორის არიან გარდაცვლილთა ოჯახის წვერები ბერგამოდან, რომელიც კორონავირუსის პირველი ტალღის გავრცელების წყარო იყო; ასევე, ოჯახები მილანიდან, რომიდან, პალერმოდან, ტურინიდან და სხვა ქალაქებიდან.
მათი თქმით, სახელმწიფომ მოქალაქეების დაცვის ვალდებულება არ შეასრულა, რადგან ეპიდემიისთვის მზად არ აღმოჩნდა, საგანგებო ზომების შემოღება დააგვიანა, ასევე, ექსპერტებს არ მოუსმინა და სხვა.
ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსს 628 ადამიანი ემსხვერპლა, ეპიდემიის დაწყებიდან – 69 842.