ირაკლი კობახიძე ინიციატივით გამოდის, პარტიების დაფინანსების და საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ცვლილებები ოდირს და ვენეციის კომისიას გადაეგზავნოს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე ინიციატივით გამოდის, რომ პარტიების დაფინანსების წესთან და პარტიისთვის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებული კანონპროექტების მეორე მოსმენით განხილვა, ეუთო/ოდირის ან ვენეციის კომისიის დასკვნების შემდეგ გაგრძელდეს. ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში არანაირი საფუძველი არ დარჩება ამ კანონპროექტების კრიტიკისთვის.

„იმისათვის, რომ არავის დარჩეს დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით რაიმეზე საუბრის საბაბი, მე გთავაზობთ, რომ დავიცადოთ რამდენიმე კვირა და გავგზავნოთ ეს საკანონმდებლო პაკეტი ვენეციის კომისიაში ან ოდირში. შევაჩეროთ კანონპროექტების განხილვა იანვრის ბოლომდე და მეორე მოსმენამდე დაველოდოთ მათ პოზიციას და შემდეგ განვაახლოთ განხილვები. ანალოგიურად შეიძლება მოვიქცეთ მეორე კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას იმ პარტიისთვის, რომლის ლიდერიც არ აკმაყოფილებს საკონსტიტუციო ცენზს. ასეთ შემთხვევაში არანაირი საფუძველი არ დარჩება ამ კანონპროექტების კრიტიკისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.

პარტიების სახელმწიფო დაფინანსებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტის პროექტის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას მიიღებს მხოლოდ ის პარტია, რომელიც მისთვის განკუთვნილ პარლამენტის წევრის მანდატს ან მანდატების ნახევარს მაინც აითვისებს.

პარლამენტში ასევე განიხილება კანონპროექტი, რომელიც საარჩევნო აგიტაციაში კონსტიტუციის საწინააღმდეგო ჩართულობისთვის პარტიისთვის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას ითვალისწინებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები