მაკა ბოჭორიშვილი: 2024 წელი იქნება ის დრო, როცა უნდა ვაჩვენოთ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით
საპარლამენტო უმრავლესობა პრემიერმინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატებს უსმენს. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით კითხვები დასვა:
„თქვენ დიდი გამოწვევების დროს მოგიწევთ ჩვენი ქვეყნის მთავრობის ხელმძღვანელობა, რაც ორმაგ ძალისხმევას მოითხოვს იმისთვის, რომ საქართველომ შეძლოს რეფორმების გაგრძელება, ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება და უამრავ გეოპოლიტიკურ სირთულეებთან გამკლავება. რეფორმები ძალიან ხშირად გულისხმობს მტკივნეული, გაბედული ნაბიჯების გადადგმას. დღეს ჩვენ ჩვენი ამომრჩევლის სახელით თქვენი ნდობის საკითხს განვიხილავთ ძალიან ამბიციური დაპირების ფონზე. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი არ არის მხოლოდ მიმზიდველი დაპირება და ეს არის მოსამზადებელ ღონისძიებებთან დაკავშირებული, რისი წინაპირობაც არის ასოცირების შეთანხმების შესრულება.2024 წლისთვის იქნება ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან 10 წელი გასული და ეს იქნება ის დრო, როცა უნდა ვაჩვენოთ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს მოქალაქეებს უნდა შევთავაზოთ ევროპასთან ასოცირებულ, ანუ მსგავს ქვეყანაში ცხოვრება. როგორ გეგმავთ ასოცირების შეთანხმების შესრულებას ისე, რომ არ მოხდეს მნიშვნელოვანი რეფორმების გადავადება იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რის წინაშეც ვდგავართ დღეს; ასევე თქვენი და თქვენ მიერ წარმოდგენილი მინისტრობის კანდიდატების ხედვა, თუ რა სექტორებში შეიძლება თანამშრომლობის გაძლიერება ევროკავშირთან იმისათვის, რომ მოხდეს სექტორული დიალოგების მაქსიმალური ინსტიტუციონალიზაცია ევროკავშირთან; თუ არის ასეთი პრიორიტეტული სფეროები განსაზღვრული? 2018 წელს გვქონდა, საქართველოს მთავრობასა და ევროკომისიას შორის უნიკალურ ფორმატში შეხვედრა. ეს მართლაც გამონაკლისი იყო საქართველოსთვის, რაც გაკეთდა. თუ გაქვთ გეგმა, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები იქცეს ტრადიციად და არ იყოს მხოლოდ ასეთი იშვიათი გამონაკლისი”.