თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი, საახალწლოდ, მსმენელს ბეთჰოვენის 250 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო საკონცერტო სერიას სთავაზობს
ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ეროვნული სასახლის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი ონლაინრეჟიმში მსმენელს საახალწლო საკონცერტო სერიებს შესთავაზებს.
როგორც ,,კვირას” ეროვნული სასახლიდან აცნობეს, 2020 წლის განმავლობაში ორკესტრს წლის მანძილზე 14 კონცერტი ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა შექმნილი პანდემიიდან გამომდინარე საჯარო კონცერტების უმრავლესობა და მათ შორის გერმანიაში დაგეგმილი გასტროლი გაუქმდა.
„თაო“-მ წლის განმავლობაში ონლაინკონცერტები გამართა და სხვადასხვა ლაივ პროექტებში მიიღო მონაწილეობა.
პანდემიის გამოცხადებისთანავე ორკესტრმა სოც.ქსელების მეშვეობით გაავრცელა დისტნაციურად ჩაწერილი ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიიდან “ოდა სიხარულისა” და ამით შეუერთდა ბეთჰოვენის 250 წლისადმი მიძღვნილა ქტივობებს, მოგვიანებით ლატვიის აკადემიის სტუდენტურ ორკესტრთან ერთად შედგა ონლაინკოლაბორაცია. 2020 წლის ივლისში, ეროვნული სასახლის ეზოში რეგულაციების დაცვით, მსმენელის დასწრებით გაიმართა სიმფონიური და საფორტეპიანო მუსიკის საღამო, რომელიც ლაივრეჟიმში გავრცელდა სოცქსელების მეშვეობით.
„თაო“ ბეთჰოვენის საიუბილეო თარიღისათვის სხვადასხვა კოლექტივებთან და ცნობილ სოლისტთან ერთად ფესტივალის გამართვას გეგმავდა. შესაბამისად, პანდემიის გათვალისწინებით, ორკესტრმა პიანისტებთან სანდრო ნებიერიძესთან, სანდრო გეგეჭკორთან და თბილისის სინფონიეტასთან ერთობლივად “ბეთჰოვენის 250 წლის საიუბილეო” ვიდეოკონცერტების სერია მოამზადა. აღნიშნული ვიდეოჩანაწერები ორკესტრის და ეროვნული სასახლის სოც.ქსელების მეშვეობით გადაიცემა საახალწლო დღეებში.
შესრულდება ბეთჰოვენის მე-4 დამე-5 საფორტეპიანო კონცერტები, ბეთჰოვენის მე-4 სიმფონია და უვერტიურა ბალეტისთვის “პრომეთეს ქმნილებანი”,”- ნათქვამია ეროვნული სასახლის ინფორმაციაში.
თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი შექმნილია ეროვნული სასახლის ბაზაზე.
ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი – მირიან ხუხუნაიშვილი. ორკესტრის მენეჯერი – მიხეილ მდინარაძე. თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი შეიქმნა მუნიციპალური დაფინანსებით, ორკესტრი 15-დან – 28 წლამდე 40-მდე ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელს აერთიანებს.