„მასობრივი მოხმარების პურზე ფასი არ გაიზრდება, შესაძლებელია, გაძვირდეს თონისა და ე.წ. საგემოვნო პურები“ – ლევან სილაგავა
“შეგვიძლია, დანამდვილებით ვთქვათ, რომ მასობრივი მოხმარების პურზე ფასი არ გაიზრდება”, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ განაცხადა.
მისივე თქმით, შესაძლოა, გაძვირდეს ე.წ. საგემოვნო პურები, მათ შორის, თონის პური, რომლებსაც სუბსიდირების პროგრამა არ ეხება.
„ სუბსიდირების პროგრამა პურის ფასების სტაბილიზაციას ითვალისწინებს. ის უკვე დაიწყო და 2021 წლის 31 მარტამდე გაგრძელდება, ანუ 4-თვიანი პროგრამაა. შეგვიძლია, დანამდვილებით ვთქვათ, რომ მასობრივი მოხმარების პურზე ფასი არ გაიზრდება. ამ პროგრამით 1 ტომარა ფქვილი ფიქსირებულ ფასად, 53 ლარად მიეწოდება იმ საცხობებისა და პურის ქარხნების ჩამონათვალს, რომლებიც სოციალურ პურს აცხობენ. შესაბამისად, ეს მექანიზმი იმის დასაბუთებულად თქმის საშუალებას გვაძლევს, რომ მასობრივი მოხმარების პურზე ამ ოთხი თვის განმავლობაში ფასი არ გაიზრდება. ეს ეხება პურს, რომელსაც ადამიანები ყოველდღიურად ყიდულობენ სუპერმარკეტებში, უბნის მაღაზიებში და ა.შ. ესაა ე.წ. ბატონის პური, ქვის პური და სხვა. მეორე საკითხია ის, რომ გაძვირებულია და შესაძლებელია გაძვირდეს ის პური, რომელიც თავისუფალ ბაზარზეა, ესაა ე.წ. საგემოვნო პურები: იგივე გერმანული პური, ავსტრიული პური, თონის პური და სხვა, რადგან ამ პურზე პროგრამა არ არსებობს და არც ყოველდღიურად მოიხმარს მომხმარებელი. მაგალითად, ადამიანები თონის პურს თვეში საშუალოდ 6-ჯერ, 7-ჯერ ყიდულობენ და არა ყოველდღიურად. ასევე, საკონდიტრო ნაწარმი, ნამცხვრები, ტორტები, ყოველდღიური მოხმარების არ არის. ადამიანებისთვის ეს არაა ყოველდღიურად აუცილებელი პირობა. მასზე ფასები გაზრდილია, ამას ვადასტურებ“, – განაცხადა ლევან სილაგავამ.
როგორც სილაგავამ აღნიშნა, ქვეყანაში ხორბლის დეფიციტი არაა.
„ჩვენ ხორბლის დეფიციტი არასდროს გვაქვს. ამას ახორციელებენ კერძო კომპანიები, სახელმწიფო ამაში არ ერევა. ეს კერძო სექტორის პასუხისმგებლობაა. გაერო-ს რეკომენდაციით, აუცილებლად 2 თვის მარაგი უნდა იყოს ქვეყენაში, რათა უსაფრთხოდ იგრნო თავი. ჩვენ ამ რეკომენდაციას მივყვებით.
არსებობს პროგრამა – „კერძო სექტორი პარტნიორობისათვის“ , რომლის ფარგლებში აშშ-დან 30 000 ტონა ხორბალს ვიღებთ. 14 000-იანი გემი შემოვიდა 19 დეკემბერს, 25 დეკემბერს კიდევ 16 000 ტონა შემოვა.
კომპანია ყიდულობს აშშ-ში ხორბალს. ეს შემოდის საქარველოში, თუმცა, ფული, რომელსაც კომპანია რიცხავს აშშ-ში, აშშ-ს მთავრობის კეთილი ნებით, ისევ საქართველოში გადმოდის, საქართველოს მთავრობაში, კერძოდ კი სოფლის მეურნეობის სამინისტროში და სოფლის მეურნეობის დარგების განვითარებას ხმარდება“, – განაცხადა სილაგავამ.
თამუნა შეყილაძე