მოსალოდნელია, თუ არა პურზე ფასის ზრდა – „პურის მცხობელთა ასოციაციის” თავმჯდომარის განცხადება

„პურის მცხობელთა ასოციაციის” თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძის განცხადებით, პურის ღირებულება ჯერჯერობით არ შეიცვლება.

მისივე თქმით, ე.წ. საქარხნო პური გაიყიდება იმ ფასში, რა ფასშიც დღეს იყიდება.
ამის შესახებ მალხაზ დოლიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„ჩემი პროგნოზი ოპტიმისტურია. საქართველოში ამერიკული ხორბალი შემოვიდა, ელოდებიან 30 000 ტონას. ეს ძალიან კარგია. რუსეთშიც ნაბიჯები გადაიდგა იმისათვის, რომ ფასების სტაბილიზაცია მოხდეს. ამ ეტაპზე, საქართველოში ხორბლის დეფიციტის საშიშროება არ არის. რაც შეეხება პურის ღირებულებას, ჯერჯერობით ფასი არ შეიცვლება. ე.წ. საქარხნო პური იქნება იმ ფასში, რა ფასიცაა დღეს“, – განაცხადა მალხაზ დოლიძემ.

მისი განმარტებით, პურზე ფასის შენარჩუნება ხორბლის ფქვილის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამის ამოქმედების გამო ხერხდება.

„პურპროდუქტებთან დაკავშირებული პრობლემა არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა. მსოფლიოშია ეს პრობლემა. 2020 წელი ხორბლის მოსავლის თვალსაზრისით ძალიან სუსტი წელი იყო. კარგი მოსავალი მოუვიდა რუსეთს და ავსტრალიას. მსოფლიოში ძირითადად 8 ქვეყანაა, რომელიც ხორბალს ამზადებს და ყიდის. იმის გამო, რომ ხორბლის დეფიციტი იყო, რუსეთმა და ბევრმა ქვეყანამ ექსპორტზე კვოტირება დააწესეს.

საქართველოში სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა ითვალისწინებდა იმას, რომ საქარხნო წარმოების პურზე, ე.წ. ქვის პურზე ფასი არ მომატებულიყო.
პირველი სუბსიდირება განხორციელდა მარტის თვეში, როცა კორონავირუსთან დ დაკავშირებული სიტუაცია გამწვავდა, გაძვირდა ხორბალი და ფქვილი. მწარმოებლებს, რომელიც უშვებდნენ ქვის პურს, სუბსიდირებული ფქვილი მიაწოდეს . მწარმოებლებმაც შეასრულეს დანაპირები და იმ ფასად აწარმოებდნენ პურს, რა ფასადაც დღეს იყიდება. ამის შემდგომ ეს პროგრამა გაგრძელდა, იმიტომ, რომ მსოფლიო ბაზარზე ფქვილის ფასმა ისევ მატება დაიწყო. თუ ადრე 1 ტონა ხორბალი ღირდა 210 დოლარი, ახლა 260 დოლარამდე მივიდა მისი ღირებულება.

ჩვენთან ვალუტის კურსის ცვალებადობაც იყო. ფასები გაიზარდა ფქვილზე. ამიტომ სავსებით სწორად ჩათვალეს, რომ ფასი არ გაზრდილიყო საქარხნო წარმოების პურზე, ე.წ. სოციალურ პურზე.
სუბსიდირების პროგრამა ითვალსიწინებდა შემდეგს: სუბსიდირებული ფქვილი მიეწოდება იმ მწარმოებლებს, რომლებიც თვეში გადაამუშავებენ 30 ტონა ფქვილს. 52 კომპანია ჩაება სუბისიდირების პროგრამაში. განცხადი გააკეთა დააახლოებით 80 კომპანიამ. ბევრს უნდოდა მონაწილეობა მიეღო ამ პროგრამაში. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ვთქვა, რომ კარგი იქნება, თუ პროგრამაში იმ მწარმოებლების ჩართვაც განხორციელდება, რომლებიც დღეში 800 კილოგრამ ფქვილს გადაამუშავებენ, რადგან ამ პროგრამაში ვერ მოხვდა თელავის, საჩხერის, ბორჯომის, ჩოხატარის და სხვა რაიონების ბევრი საცხობი, რომლებიც საქარხნო ტიპის პურს უშვებენ.

რაც შეეხება ქართული პურის თონეებს: ისინი მუშაობენ განსხვავებულ საგადასახადო რეჟიმში, ისინი არიან ფიქსირებული წარმოებები. მათ ეუბნებიან, რომ აწარმოონ პური და ადგილზე გაყიდონ. იყო წარმოებები, რომლებიც პურს რესტორნებს და მაღაზიებს აწვდიდნენ. ახლა, კორონავისურთან დაკავშირებით ბევრს ეკონომიკურად გაუჭირდა. მინდა, იცოდეთ, რომ დიდი ხანია ქართული პურის წარმოებებში თონის პურის ღირებულება შედარებით მაღალი იყო” – განაცხადა მალხაზ დოლიძემ.

თამუნა შეყილაძე 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები