სერგი კაპანაძე: ეს პარლამენტი მოკლებულია ყველანაირ უფლებამოსილებასა და ლეგიტიმურობას
“ეს პარლამენტი მოკლებულია ყველანაირ უფლებამოსილებას, ყველანაირ ლეგიტიმურობას და არის ერთი ადამიანის ერთპარტიული პარლამენტი“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ის, რაც დღეს პარლამენტის კომიტეტებზე ხდება, კომიკურია და სახიფათო.
„ვინც თვალს ადევნებს პარლამენტის სხდომას და იმას, რაც კომიტეტებზე ხდება, მე მგონი, ადვილად რწმუნდება იმაში, რომ ეს ყველაფერი არის ძალიან კომიკური და ამავდროულად, არის ძალიან სახიფათო. თვითონ სამთავრობო პროგრამის სახელიც კომიკურია, რომ ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის ყოფილა სახელმწიფო პროგრამა იგივე მთავრობით, იმავე პრემიერმინისტრით, იმავე ადამიანებით, რომლებმაც გამოიწვიეს ქვეყანაში მრავალი ტიპის კრიზისი, როგორც პოლიტიკური, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი – ეკონომიკური და ჯანდაცვის კრიზისები. ეს პარლამენტი მოკლებულია ყველანაირ უფლებამოსილებას, ყველანაირ ლეგიტიმურობას და არის ერთი ადამიანის ერთპარტიული პარლამენტი. ამ დროს, საქართველოს სჭირდება ქვეყნის მრავალპარტიული პარლამენტი. ეს არის ძალიან დიდი განსხვავება და, სწორედ ამიტომ, ჩვენი მოთხოვნები რჩება უცვლელი. მოთხოვნები ახალ არჩევნებზე იმიტომ, რომ პარლამენტმა შეიძინოს ის რეალური ფუნქციები, რომელიც მას აქვს გარანტირებული და განსაზღვრული კონსტიტუციით“, – განაცხადა კაპანაძემ.