ნინო წილოსანი: გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე მინისტრობის კანდიდატების მოსმენისას კითხვები რიგ მნიშვნელოვან საკითხებზე დაისმება

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ნინო წილოსანის განცხადებით, პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, სადაც მინისტრობის კანდიდატებს მოუსმენენ, კითხვები რიგ მნიშვნელოვან საკითხებზე დაისმება, მათ შორის, პანდემიასა და პანდემიის შემდგომ ბიზნეს-სექტორის აღდგენის გეგმებზე.

მისივე თქმით, კითხვები სახელმწიფო მართვის სტანდარტების გაუმჯობესების მექანიზმებსაც შეეხება.

„მთლიანად პროგრამა აწყობილია იმ ძირითად მიზანზე, რომელიც წინასაარჩევნოდაც გვქონდა გაცხადებული. ეს არის 2024 წელს ევროკავშირის წევრობის განაცხადის გაკეთება. აქედან გამომდინარე, ძირითადი კითხვები იქნება, თუ როგორ მივდივართ ამ მიზნამდე, როგორ ვაუმჯობესებთ სახელმწიფო მართვის სტანდარტებს, ასევე, თითოეული ადამიანის კეთილდღეობას. თავისთავად, პანდემია იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემა, პანდემიის შედეგად დაზარალებული ადამიანები, სექტორები და უკვე შემდეგ ამ ბიზნეს-სექტორის აღდგენის გეგმები. ასევე, პროგრამაში წერია, რომ მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება 2024 წლამდე სოფლის მეურნეობის სექტორში. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჩამოვყალიბდეთ და შევთანხმდეთ იმ პრიორიტეტებზე საპარლამენტო და აღამასრულებელ ხელისუფლებას შორის თანამშრომლობის ფორმატში რა იქნება პრიორიტეტი. ვფიქრობ, რომ იმპორტის ჩანაცვლება სოფლის მეურნეობაში არის უმნიშვნელოვანესი მიმართულება, ასევე, განათლების ხარისხის გაზრდა ჩვენს ფერმერებში და რეგიონების პროფესიული ხარისხით უზრუნველყოფა,  ევროკავშირის ბაზრის ათვისება სოფლის მეურნეობის პროდუქტებით“, – განაცხადა წილოსანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები