კალიფორნიაში ეპიდსიტუაციის დრამატულად გამწვავების მიზეზად მოქალაქეების მიერ რეკომენდაციების შეუსრულებლობა სახელდება
“კალიფორნიაში ეპიდსიტუაციის დრამატულად გამწვავების მიზეზად მოქალაქეების მიერ რეკომენდაციების შეუსრულებლობა სახელდება”,- ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
მათივე ცნობით, უკვე მეთორმეტე დღეა აშშ-ში ინფიცირების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. „მადლიერების დღის შემდეგ, კალიფორნიაში, კოვიდი სწრაფად გავრცელდა და გაიზარდა როგორც ინფიცირების, ისე გარდაცვალების მაჩვენებელი. ინტენსიური თერაპიის განყოფილებების შესაძლებლობები თითქმის ნულის ტოლია და ექიმებს უარესის მოლოდინი აქვთ. ორი კვირის წინ შტატში გამოცხადდა მკაცრი ლოქდაუნი, თუმცა, ჯერჯერობით ამას შედეგი არ გამოუღია და ციფრები კვლავ მზარდია. ასეთი დრამატული შედეგის მიზეზად სახელდება რეკომენდაციების არ შესრულება, მათ შორის „დარჩით სახლში“ მოწოდების უარყოფა, ადამიანების მუშაობა ადგილზე და არა დისტანციურად. აღმავალი სტატისტიკა აღინიშნებოდა ნოემბრის თვიდან, როდესაც ხალხმა რეკომენდაციების დაცვა უფრო მოადუნა და გახშირდა სახლში შეკრებები. საშობაო დღესასწაულების მოახლოებასთან ერთად, ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლები შიშობენ, რომ ოჯახური შეკრებები გახდება ინფექციის გავრცელების ახალი წყარო აშშ-ში, რაც სიტუაციის კიდევ უფრო გაუარესებას გამოიწვევს, რადგან სწორედ მადლიერების დღესასწაულის შემდეგ რადიკალურად იმატა ინფიცირების მაჩვენებელმა ქვეყნის მასშტაბით“, – წერს უცხოური მედია.