გიორგი რურუას ცემის საქმეზე სამსახურეობრივი გულგრილობის ბრალდებით დაკავებულ ციხის თანამშრომლებს პატიმრობა შეეფარდათ

N8 პენიტენციური დაწესებულების დაკავებულ თანამშრომლებს – ლევან გელაშვილსა და შალვა მარგველაშვილს, რომლებიც „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას ჯგუფურად ცემის საქმეზე სამსახურეობრივი გულგრილობის ბრალდებით დააკავეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რომან ხორავამ გამოაცხადა.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს N8 პენიტენციური დაწესებულების ორი თანამშრომელი – ლევან გელაშვილი და შალვა მარგველაშვილი სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, #8 პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსმა ინსპექტორმა, შალვა მარგველაშვილმა და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარმა ინსპექტორმა ლევან გელაშვილმა არაჯეროვნად შეასრულეს სამსახურებრივი მოვალეობა, მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, დაარღვიეს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 01 აგვისტოს №200 ბრძანებით დამტკიცებული „პენიტენციურ დაწესებულებებში სამართლებრივი რეჟიმის ორგანიზების ინსტრუქციის” მოთხოვნები, რასაც შედეგად მოჰყვა პატიმრების მიერ 2020 წლის 2 ნოემბერს, ამავე დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის გიორგი რურუას ჯგუფურად ცემა, რამაც ამ უკანასკნელის უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები