“ვის დაენიშნება „რემდესივირი“ – თენგიზ ცერცვაძის განმარტება

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, „რემდესივირის“ გამოყენება მხოლოდ ჰოსპიტალიზებულ პაციენტებზე მოხდება.

მისივე თქმით, პაციენტებისთვის, რომლებიც მკურნალობენ ბინაზე და კოვიდსასტუმროებში, „რემდესივირის“ გამოყენება აკრძალულია.

„არის გარკვეული მოლოდინი და საფრთხე იმისა, რომ უცებ ყველამ არ მოინდომოს „რემდესივირის“ გაკეთება, რაც შეუძლებელი იქნება ელემენტარულად, ლოჯისტიკურადაც. მინდა, ყველამ იცოდეს, რომ „რემდესივირი“ არ არის საჭირო ყველა ავადმყოფისთვის, უფრო მეტიც, ავადმყოფების ნაწილისთვის ის წინააღმდეგ ნაჩვენებია და არ შეიძლება მისი გაკეთება ისევე, როგორც ყველა სხვა მედიკამენტის. ვის სჭირდება „რემდესივირი“? დავიმახსოვროთ კარგად, პაციენტებმაც და პირველ რიგში, ექიმებმაც. „რემდესივირი“ ენიშნება მხოლოდ იმ პაციენტებს, ვინც არიან ჰოსპიტალიზებულები. ჰოსპიტალს გარეთ, ბინაზე და სასტუმროში მყოფ პაციენტებთან ის არ ინიშნება, აკრძალულია. „რემდესივირი“ ენიშნება მხოლოდ იმ პაციენტებს, ვინც არის ჟანგბადდამოკიდებული, ან ვისაც იმდენად მძიმე ფორმა აქვს, რომ მას ჟანგბადის მიწოდება სჭირდება. თუ პაციენტს არ სჭირდება ჟანგბადის დამატებით მიწოდება, მას არც „რემდესივირი“ არ სჭირდება. ჟანგბადის მიწოდების რამდენიმე ფორმაა. „რემდესივირი“ იმ პაციენტებს სჭირდება, ვისაც ჟანგბადი მიეწოდება ნიღბით ან ე.წ მაღალი ნაკადით, რომელიც ყველაზე ეფექტიანი და კარგი საშუალებაა ჟანგბადის მიწოდების პაციენტებისათვის”, – განაცხადა ცერცვაძემ.

თენგიზ ცერცვაძის თქმითვე, 21 დეკემბრიდან „რემდესივირი“ ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები