დღეს ბარბარობაა
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობის დღესასწაულს ზეიმობს. დიდმოწამე ბარბარე ქრისტიანობისთვის მე-4 საუკუნის დასაწყისში ეწამა.
სადღესასწაულო წირვა ყველა მოქმედ ტაძარში სრულდება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე 12:00 საათზე სიონის საპატრიარქო ტაძარში გადაიხდის პარაკლისს და დალოცავს ბავშვებსა და მრევლს.
საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, ქალწულმოწამე ბარბარე მე-3 საუკუნის მეორე ნახევარში ფინიკიის ქალაქ ილიოპოლისში დაიბადა. ერთადერთ შვილს მამა ზრდიდა, რომელიც კერპთაყვანისმცემელი იყო. მას შემდეგ, რაც ბარბარეს ჩუმად მონათვლის ამბავი შეიტყო, მამამ ის ქვეყნის მმართველ მარკიანესთან მიიყვანა. რამდენიმედღიანი წამების შემდეგ, წმინდა ბარბარეს თავი თავად მამამისმა მოკვეთა.
წმინდა ბარბარე ბავშვების განსაკუთრებულ მფარველად ითვლება.