არჩილ თალაკვაძე: მსურს, მადლობა გადავუხადო თითოეულ თანამოქალაქეს, მიუხედავად გაკეთებული არჩევანისა, ეს ყველა თქვენგანის პარლამენტია

“მსურს, მადლობა გადავუხადო თითოეულ თანამოქალაქეს, მიუხედავად გაკეთებული არჩევანისა, ეს ყველა თქვენგანის პარლამენტია”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძემ მეათე მოწვევის პარლამენტის ბიუროს პირველი სხდომა გახსნა, ახალარჩეულ დეპუტატებს მიულოცა და საქმიანობაში წარმატება უსურვა.

„საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტში ჩვენ გავატარეთ ფუნდამენტური დემოკრატიული რეფორმები, მივიღეთ საკონსტიტუციო ცვლილებები და შევცვალეთ საარჩევნო სისტემაც. შედეგად, საქართველომ ჩაატარა საპარლამენტო არჩევნები, არსებითად პროპორციული სისტემით, რომელიც ეუთო/ოდირ-ის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ შეაფასა, როგორც კონკურენტული და აღნიშნა, რომ ის ჩატარდა ფუნდამენტური უფლებების დაცვით.

ჩვენ მიერ გატარებული საკონსტიტუციო რეფორმის შედეგია ისიც, რომ საქართველო მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე უკვე სრულად პროპორციულ სისტემაზე გადადის, რაც 90-ანი წლების შემდეგ ყველა დროის, ყველა პოლიტიკური თაობისათვის იყო სასურველი, თუმცა, ვერცერთმა წინა ხელისუფლებამ ამ რეფორმის გატარება ვერ შეძლო. საზოგადოების მხარდაჭერითა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, ეს გავაკეთეთ ჩვენ, „ქართულმა ოცნებამ“.

მსურს, მადლობა გადავუხადო თითოეულ თანამოქალაქეს. მიუხედავად გაკეთებული არჩევანისა, ეს ყველა თქვენგანის პარლამენტია. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩვენს მხარდამჭერებს, რომლებსაც ეკუთვნით არჩევნებში ქართული ოცნების გამარჯვება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები