მამუკა ხაზარაძე: თუ შეთანხმება არ მოხდა, ეს არ ნიშნავს, რომ მიდიხარ და რევოლუციას აწყობ, ჩვენ ამას კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით

„ლელო” ყოველგვარ რევოლუციურ მოწოდებას ემიჯნება, მინდა, ეს ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირო”, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანების თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

ხაზარაძის თქმით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება უნდა შედგეს, რაც სახელმწიფოს სტაბილურობას მოუტანს.

„ლელო” ყოველგვარ რევოლუციურ მოწოდებას ემიჯნება. მინდა, ეს ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირო. ეს არის ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი საკითხი, ყოველგვარ რევოლუციურ და მსგავს მოწოდებებს ვემიჯნებით ახლავე. „ლელო“ არის ძალიან მყარად იმ პოზიციაზე, რა პოზიციაზეც იდგა, რომ უნდა მოვახერხოთ, ვიპოვოთ შეთანხმება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, რომელიც, პირველ ყოვლიაა, ჩვენს სახელმწიფოს სტაბილურობას მოუტანს. არ უნდა მოხდეს ის, რომ ოღონდ ახლა შემოდით პარლამენტში და შემდეგ ვილაპარაკოთ. არა, ეს უნდა იყოს სამართლიანი შეთანხმება და კომპრომისი, რომ ქვეყანა გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან”, – განაცხადა ხაზარაძემ.

როგორც ხაზარაძემ საუბრისას აღნიშნა, ,,ლელო” ამ ძალიან მძიმე მოლაპარაკებების ფონზე ელჩებზე თავდასხმას ეწინააღმდეგება.

„რევანშისტული, რევოლუციური და ამ ტიპის სცენარები უნდა ამოვიღოთ ჩვენი ლექსიკონიდან. უნდა ვეცადოთ, რომ ამ დარჩენილ დროში მოვახერხოთ შეთანხმება. თუ შეთანხმება არ მოხდა, ეს არ ნიშნავს, რომ მიდიხარ და რევოლუციას აწყობ. ჩვენ ამას კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით, ისევე, როგორც ვეწინააღმდეგებით დღეს, ამ ძალიან მძიმე მოლაპარაკებების ფონზე, ელჩებზე თავდასხმას. რაც შეეხება იმას, თუ სად ვიქნებით ჩვენ, მოგახსენებთ, რომ ჩვენ და სხვა ოპოზიციური პარტიებიც იქნებიან პარლამენტის გარეთ და მთელი სიმძიმე და პასუხისმგებლობა დაეკისრება ერთპარტიულ პარლამენტს, რომელიც იქნება სირცხვილი ამ 30-წლიანი დამოუკიდებლობის და პარლამენტარიზმის ისტორიაში, იქნება სირცხვილი საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში, იქნება ქმედუუნარო და არალეგიტიმური“, – განაცხადა ხაზარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები