“თუ არჩევნებთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნება”, ამას ორი ხელით მივესალმები, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისი თქმით, განცხადება, რომელიც ელენე ნიჟარაძემ და მთლიანად ამ ორგანიზაციამ გააკეთეს, არ არის დამაკმაყოფილებელი და მათ ბოდიში აქვთ მოსახდელი.
„ეს ქვეყანა არის ოკუპირებული. ეს არის ქვეყანა, რომელიც „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა რვა წლის განმავლობაში ძალიან ბევრი სირთულის ფასად შეინარჩუნა სტაბილურად და მშვიდობიანად. ეს არის ორგანიზაცია, რომელმაც, ვითომ უნებლიედ დაშვებული ხარვეზითა და შეცდომით, ლამის გადააყირავა ეს ოკუპირებული ქვეყანა და გაწირა მისი სტაბილურობა. ISFED-მა არა მხოლოდ ბოდიში უნდა მოიხადოს, არამედ, რბილი განცხადების ნაცვლად, რომელიც საკუთარი თავის და სახის გადარჩენას ემსახურებოდა, უნდა გააკეთოს სხვა ტიპის განცხადებები და აგვიხსნას, რატომ იყო ეს ალგორითმი თუ ფორმულა შეცდომიანი.
თუ არჩევნებთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნება, ამას ორი ხელით მივესალმები. პირველ ყოვლისა, აქ უნდა მობრძანდეს ქალბატონი ნიჟარაძე, უნდა მობრძანდეს მისი ორგანიზაცია და ჩატარდეს საპარლამენტო საგამოძიებო პროცესი, პირველ ყოვლისა, სწორედ ამაზე, რატომ არ დათვალეს სწორად, რატომ გამოაცხადეს „ქართული ოცნებისთვის“ ნაკლები მაჩვენებელი, ვიდრე ეს რეალობაში იყო. მათივე ორგანიაციის შიგნით ჩვენი უცხოელი პარტნიორების დახმარებით ჩატარებულმა აუდიტმა აჩვენა, რომ მათ მოატყუეს საზოგადოება. უნდა აგვისხნან, რა არის ამის მიზეზი“, – აღნიშნა წულუკიანმა.