სერგი კაპანაძე: კარგად უნდა ხვდებოდეს ხელისუფლება, რომ ახლა, როდესაც გაფორმდა ერთპარტიული პარლამენტი, ერთადერთი გამოსავალი რჩება სწორედ ვადამდელი არჩევნები
“ჩვენ მზად ვართ, რომ ნებისმიერ დროს შეხვედრები გაგრძელდეს და ვისაუბროთ ახალი არჩევნების დანიშვნაზე”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლება კარგად უნდა ხვდებოდეს, რომ ახლა, როდესაც გაფორმდა ერთპარტიული პარლამენტი, ერთადერთი გამოსავალი – სწორედ ვადამდელი არჩევნები რჩება.
„გამოსავალი ყოველთვის არსებობს, თუმცა, ამისთვის საჭიროა, რომ მეორე მხარეს იყოს გონივრულობა და რაციონალურობა. ჩვენ მზად ვართ, რომ ნებისმიერ დროს შეხვედრები გაგრძელდეს და ვისაუბროთ ახალი არჩევნების დანიშვნაზე. კარგად უნდა ხვდებოდეს ხელისუფლება, რომ ახლა, როდესაც გაფორმდა ერთპარტიული პარლამენტი, ერთადერთი გამოსავალი რჩება სწორედ ვადამდელი არჩევნები, რაც უფრო დრო გავა, მით უფრო აქტუალური გახდება ეს საკითხი, ამიტომ, მათივე ინტერესში უნდა იყოს, რომ მალევე განიმუხტოს ეს პოლიტიკური კრიზისი. ჩვენ ის რეალობა უკვე შევქმენით, რომლისაც მათ არ სჯეროდათ, რომ ერთპარტიული პარლამენტი იქნებოდა, მაგრამ არის უკვე ერთპარტიული პარლამენტი, ყველა იურიდიული დეტალი ამ დღეებში მივა ბოლომდე და გაფორმდება ჩრდილო კორეული მმართველობის სტილი”, – განაცხადა კაპანაძემ.