მიხეილ ყაველაშვილი: სააკაშვილის განცხადებას შეთქმულების სუნი ასდის, სამწუხაროდ, ოპოზიციის წარმომადგენლები მას აყოლილები არიან

“სააკაშვილის განცხადებას შეთქმულების სუნი ასდის, სამწუხაროდ, ოპოზიციის წარმომადგენლები მას აყოლილები არიან”, – ამის შესახებ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, საქართველო 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს აუცილებლად შეიტანს.

„სამწუხაროა, რომ კვლავ მიწევს ამ არსების განცხადებაზე კომენტარის გაკეთება. ასევე, სამწუხაროა, რომ რიგი ოპოზიციური წარმომადგენლებისა სააკაშვილის რიტორიკას აჰყვა. ეს ადამიანი თავშივე იყო დესტრუქციული და მოუწოდებდა, რომ სამართლიანი არჩევნები არ ჩატარებულიყო. ეს მახსენებს კაპასი ბავშვის ახირებას, სხვას ვერაფერს დავარქმევ. სიფრთხილით ვსაუბრობ, მაგრამ ამას ასდის შეთქმულების სუნი და ამას ავრცელებს მიხეილ სააკაშვილი. სამწუხაროდ, ოპოზიციის წარმომადგენლები აყოლილები არიან მას. მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამ ქვეყანაში გარანტი ვართ, რომ ჩვენი გზა, რომელიც ჩვენს საარჩევნო პროგრამაში იყო გაცხადებული –  აუცილებლად შევიტანთ განაცხადს 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა დღეს განაცხადა – “მნიშვნელოვანია, რომ ის, ვინც შევიდა უკანონოდ პარლამენტში და მოიპარა ქართველი ხალხის ნება და არჩევნები, დროზე გამოვიყვანოთ იქედან და საქართველოს გაუჩნდეს ლეგიტიმური ხელისუფლება, ლეგიტიმური პარლამენტი და საქართველომ გააგრძელოს განვითარება და გადაწყვიტოს უმძიმესი კრიზისი, რომელიც ახლა არის ჩვენს ქვეყანაში”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები