არჩილ თალაკვაძე: ევროპის იდეა, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია თანამედროვე საქართველოს მთავარი კულტურული და პოლიტიკური ორიენტირია

“ევროპის იდეა, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია თანამედროვე საქართველოს მთავარი კულტურული და პოლიტიკური ორიენტირია”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მეათე მოწვევის პარლამენტი განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს კანონის უზენაესობის პრინციპების განხორციელებას.

,,საქართველოს პირველი რესპუბლიკის მსგავსად, ევროპის იდეა, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია თანამედროვე საქართველოს მთავარი კულტურული და პოლიტიკური ორიენტირია. „ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში დასავლეთისკენ გადადგმული თითოეული ნაბიჯი ამ მიზანს ემსახურება.

მეათე მოწვევის პარლამენტი მთელი პასუხისმგებლობით:

იმუშავებს პრაგმატული და პასუხისმგებლიანი საგარეო პოლიტიკის გასატარებლად; უსაფრთხოების განმტკიცებისთვის;

დაიცავს ეროვნულ ღირებულებებს, კულტურასა და ჩვენი ერის თვითმყოფადობას;
განაგრძობს ძალისხმევას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის. იზრუნებს დევნილებსა და მათ მშვიდობიან დაბრუნებაზე;

განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს კანონის უზენაესობის პრინციპების განხორციელებას;
ხელს შეუწყობს და ზედამხედველობას გაუწევს ადამიანის უფლებების დაცვას;

ხელს შეუწყობს პროფესიონალური, მიუკერძოებელი საჯარო სამსახურის შემდგომ განვითარებას. სახელმწიფოსა და მოქალაქეებს შორის სამართლიანი ურთიერთობების; შემდგომ ჩამოყალიბებას;
ზედამხედველობას გაუწევს გადასახადის გადამხდელთა ლეგიტიმურ ინტერესს, რომ ბიუჯეტი სამართლიანად და ეფექტიანად დაიხარჯოს;

პარლამენტი ხელს შეუწყობს ახალგაზრდების განვითარებასა და ჩართულობას, მათი დასაქმებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას; ახალგაზრდების მეტ მონაწილეობას პოლიტიკასა და მმართველობის პროცესში;
ჩვენ ხელს შევუწყობთ სამოქალაქო ინტეგრაციას, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების სრულფასოვან მონაწილეობას საზოგადოებისა და სახელმწიფოს ფუნქციონირებაში;

იზრუნებს და სოლიდარული იქნება სოციალურად შეჭირვებული ადამიანების მიმართ;
ვიზრუნებთ ჩვენი საზოგადოების ხანდაზმულ წევრებზე; ვიმუშავებთ რათა ბავშვებმა მიიღონ კარგი განათლება და დაცული იყოს მათი ჯანმრთელობა;

ვიზრუნებთ პატიმრობაში მყოფ პირებზე და მათ ოჯახებზე;

ეს არის მხოლოდ ნაწილი იმ ამოცანებისა, რომელიც საქართველოს პარლამენტის მეათე მოწვევის წინაშე დგას.

ჩვენ ვპირდებით საზოგადოებას, რომ, თანმიმდევრული და კოორდინირებული ქმედებებით შევქმნით ყველა პირობას, რათა 2024 წელს საქართველომ გააკეთოს განაცხადი ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე; ჩვენი ქვეყნის ამ მნიშვნელოვან ისტორიულ მომენტში, საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი მზად არის ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებთან თანამშრომლობისთვის, დისკუსიისთვის და ჩვენ მზად ვართ, შევასრულოთ კონსტიტუციით დაკისრებული უფლებამოსილებები.

მსურს, მადლობა გადავუხადო ჩვენს თითოეულ  თანამოქალაქეს, მიუხედავად მათ მიერ გაკეთებული არჩევანისა – ეს ყველა თქვენგანის პარლამენტია. მადლობას ვუხდი „ქართული ოცნების” მხარდამჭერებს, რომელთაც ეკუთვნით არჩევნებში ჩვენი გამარჯვება! განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩვენს პოლიტიკურ გუნდს ნდობისთვის და პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს . მინდა მოგილოცოთ არჩევნებში გამარჯვება, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების მიღება, მინდა, გისურვოთ წარმატებები, წარმატებები ჩვენს ქვეყანას,” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები