„ქართული ოცნება” შეინარჩუნებს და კიდევ უფრო განამტკიცებს 2012 წლის უმთავრეს მონაპოვარს – ადამიანის თავისუფლებასა და უსაფრთხოებას, დემოკრატიულ მმართველობას”
„ქართული ოცნება” შეინარჩუნებს და კიდევ უფრო განამტკიცებს 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის უმთავრეს მონაპოვარს – ადამიანის თავისუფლებასა და უსაფრთხოებას, დემოკრატიულ მმართველობას”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს განვითარება უხდება რთულ რეგიონში და გამოწვევებით აღსავსე ისტორიულ პერიოდში.
,,საუკუნის წინ ეროვნული თავისუფლების მოპოვება დამოუკიდებლობისათვის ხანგრძლივი ბრძოლის შედეგი იყო. მას შემდეგ, მრავალი ისტორიული ქარტეხილი გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ. თაობების ძალისხმევას, რა თქმა უნდა, უკვალოდ არ ჩაუვლია. ჩვენ სათანადოდ ვაფასებთ საზოგადო და სახელმწიფო მოღვაწეთა თავდადებას, მოქალაქეების სოლიდარობას, სამშობლოსათვის ბრძოლაში დაცემულ გმირთა ხსოვნას, ეკლესიისა და სასულიერო პირთა უმნიშვნელოვანეს როლს საქართველოს სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში. დღეს საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფო და საერთაშორისო თანამეგობრობის ღირსეული წევრია, რაც მთლიანად ჩვენი საზოგადოების მონაპოვარია.
თუმცა, სახელმწიფოს წინაშე დგას მნიშვნელოვანი გამოწვევები: ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ოკუპაციის დასრულება, დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომი გაძლიერება, უსაფრთხოების განმტკიცება და მეტი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა. ეროვნული ღირებულებებისა და კულტურული თვითმყოფადობის დაცვა არის ჩვენი თაობის მისია და მოვალეობაც ჩვენი შვილების წინაშე.
თავის დროზე, პირველი რესპუბლიკის დაცემის შემდეგ, ქართული ემიგრაცია ევროპაში აგრძელებდა სამშობლოს თავისუფლებისთვის ბრძოლას, ქართული სახელმწიფოსა და ეროვნული, კულტურული მისწრაფებების შენარჩუნებას. დღესაც, ემიგრაციაში მყოფ თანამემამულეებთან ერთად, ვიცავთ ჩვენს თვითმყოფადობას და ვაშენებთ თანამედროვე, ძლიერ, სამართლიან სახელმწიფოს, რომელიც ჩვენი წინაპრების ოცნება იყო.
საქართველოს განვითარება უხდება რთულ რეგიონში და გამოწვევებით აღსავსე ისტორიულ პერიოდში. ამ პროცესში განსაკუთრებით მტკივნეულია ის, რომ გრძელდება რუსეთის მხრიდან ოკუპაცია და საქართველოს ისტორიული მიწები მიტაცებულია, ასობით ათასი დევნილი კვლავაც ვერ ბრუნდება საკუთარ სახლში უსაფრთხოდ. განსაკუთრებით საგანგაშოა უკანონო გატაცებების, მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვის, ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებისა და სიცოცხლის ხელყოფის შემთხვევები. საქართველოს პასუხი ამ ყველაფერზე არის ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებთან შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკა, ამავე დროს, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, ისეთი პირობების შექმნა, რათა დასრულდეს ჩვენი საზოგადოების და ტერიტორიის ეს უსამართლო და ხელოვნური დაყოფა.
მხოლოდ რწმენით, დემოკრატიის გაძლიერებით, უსაფრთხოების განმტკიცებით და ეკონომიკური განვითარებით, პასუხისმგებლიანი საგარეო პოლიტიკის წარმართვით და საზოგადოების გაერთიანებით შევძლებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და მშვიდობის დაცვას.
„ქართული ოცნება” შეინარჩუნებს და კიდევ უფრო განამტკიცებს 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის უმთავრეს მონაპოვარს – ადამიანის თავისუფლებას და უსაფრთხოებას, დემოკრატიულ მმართველობას, კონსტიტუციურ წესრიგს და სტაბილურობას. ჩვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ დაცული იყოს ადამიანის უფლებები და სამართლიანობა, რადგან ამის გარეშე დემოკრატია მხოლოდ ცარიელი სიტყვაა. ჩვენი ხელისუფლება კვლავაც ყველაფერს გააკეთებს, რომ დემოკრატია ნამდვილი შინაარსით იყოს დატვირთული, რომლის ტრადიცია საქართველოში ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში, დიდი ილია ჭავჭავაძის დაუღალავი შრომის შედეგად ჩამოყალიბდა. ამ საქმეში, მაგიდის გარშემო ადგილი ყოველთვის მოიძებნება მათთვის, ვინც იზიარებს ამავე მიზნებსა და ღირებულებებს,” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.