არჩილ თალაკვაძე: არჩევნებმა მრავალპარტიული პარლამენტის, ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს შორის თანამშრომლობის, არგუმენტებზე და არა შეურაცხყოფაზე დამყარებული ოპონირების შესაძლებლობა მოგვცა
არჩევნებმა მრავალპარტიული პარლამენტის, ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს შორის თანამშრომლობის, არგუმენტებზე და არა შეურაცხყოფაზე დამყარებული ოპონირების, დასავლური დემოკრატიებისთვის დამახასიათებელი პოლიტიკის კეთების შესაძლებლობა მოგვცა და ეს მიღწევა ოპოზიციის ერთი ნაწილის ჭირვეულობის გამო არ უნდა დაიკარგოს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ დეპუტატებისადმი მიმართვის დროს განაცხადა.
მისივე თქმით, პარლამენტო საქმიანობა უნდა წარიმართოს მოქალაქებისადმი დიდი პასუხისმგებლობით. თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ამ საზოგადოებრივ მანდატს მოფრთხილება უნდა.
,,საკონსტიტუციო რეფორმის და მნიშვნელოვანი დემოკრატიული ცვლილებების გატარების შემდეგ, დღეს, IX მოწვევის პარლამენტი, დემოკრატიის შემდგომი გაძლიერების, ჯეროვანი მმართველობის და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ესტაფეტას გადასცემს ახალ, X მოწვევის პარლამენტს. მადლობას ვუხდი ჩვენს კოლეგებს 4 წლიანი მუშაობის და თანამშრომლობისთვის.
საქართველომ არსებითად პროპორციული სისტემით ჩაატარა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ავტორიტეტული საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით, კონკურენტულ გარემოში, ფუნდამენტური უფლებების დაცვით ჩატარდა. პანდემიის მიუხედავად, ორ მილიონამდე ჩვენმა თანამოქალაქემ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და უფლება არ გვაქვს, ეჭვქვეშ დავაყენოთ მათი არჩევანი.
2020 წლის არჩევნებმა შექმნა მრავალპარტიული პარლამენტის, ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს შორის თანამშრომლობის, არგუმენტებზე და არა შეურაცხყოფაზე დაფუძნებული ოპონირების, დასავლური დემოკრატიებისთვის დამახასიათებელი პოლიტიკის კეთების შესაძლებლობა და ეს მიღწევა, ოპოზიციის ერთი ნაწილის ჭირვეულობის გამო არ უნდა დაიკარგოს. დემოკრატია არის მონაწილეობა და მისი ბოიკოტირება დაუშვებელია. გაცილებით დემოკრატიულია ბრძოლა და მოლაპარაკებების წარმოება პარლამენტის შიგნით, ვიდრე სხვა საშუალებების გამოყენება პარლამენტის გარეთ.
პასუხისმგებლიანმა, მომავალზე ორიენტირებულმა პოლიტიკოსებმა უნდა მოვძებნოთ შეთანხმების შესაძლებლობა, სათანადოდ დავაფასოთ ჩვენი მოქალაქეების მიერ გამოხატული ნდობა და ჩვენი ქვეყნის მეგობარი ელჩების ძალისხმევა პოლიტიკური დიალოგის ხელშესაწყობად. ყველამ პატივი უნდა სცეს არჩევნების ოფიციალურ შედეგებს, რომელიც 2 მილიონამდე მოქალაქის გადაწყვეტილებას ასახავს და საარჩევნო ადმინისტრაციის ათასობით მოხელის, ასევე, ხაზგასმით ვამბობ – ოპოზიციური პარტიების 11 ათასზე მეტი წარმომადგენლის მიერ, ხელმოწერით არის დადასტურებული.
გთხოვთ, ამ საზოგადოებრივ მანდატს განსაკუთრებით მოვუფრთხილდეთ, ჩვენი საპარლამენტო საქმიანობა წარვმართოთ მოქალაქეებისადმი დიდი პასუხისმგებლობით და მთელი ამ პერიოდის მანძილზე მაქსიმალურად შევინარჩუნოთ საზოგადოებასთან პირდაპირი და აქტიური კომუნიკაცია.
ჩვენ გვაქვს ახალგაზრდა დემოკრატია, თუმცა ამ წლების განმავლობაში, ჩვენი საზოგადოების და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, შევძელით მნიშვნელოვანი ინსტიტუტების განმტკიცება, როგორიცაა – თავისუფალი მედია, აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, უფრო ეფექტური თვითმმართველობა და ანგარიშვალდებული ხელისუფლება. დღეს, ქვეყანაში გვაქვს სხვადასხვა მედია, რომლითაც ხშირად და აქტიურად ისმის ოპოზიციის ხმა; გვყავს სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც თავისუფლად გამოხატავს საკუთარ პოზიციას ნებისმიერ საკითხზე; ქვეყანას ყავს მთავრობა, რომელიც ანგარიშვალდებულების სტანდარტს იცავს და რეგულარულად მოდის საკანონმდებლო ორგანოში. მხოლოდ გასული ორი წლის განმავლობაში, პრემიერ-მინისტრის და მთავრობის წევრთა დასწრება და მოსმენების რაოდენობა პარლამენტში, აღემატებოდა ბოლო 15 წლის ჯამურ მაჩვენებელს.
მეათე მოწვევის პარლამენტს უკვე აქვს გამორჩეულად მნიშვნელოვანი და ეფექტური ინსტრუმენტები, რათა გაუძღვეს ქვეყნის საკანონმდებლო პროცესს, ზედამხედველობა გაუწიოს აღმასრულებელ ხელისუფლებას, გადაწყვეტილების მიღებაში უზრუნველყოს საზოგადოების ჩართულობა და ეს პროცესი წარმართოს ღიად, გამჭვირვალედ და ეფექტურად. ახალი პარლამენტი ასევე, განსაკუთრებული იქნება გენდერული ბალანსის თვალსაზრისითაც – ახლა უფრო მეტი, თავისი საქმის პროფესიონალი და წარმატებული ქალი მონაწილეობს საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაში,”- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.