სალომე ზურაბიშვილი: ნეპოტიზმი, რომელიც გზას უკეტავს პროფესიონალიზმს, უნდა დასრულდეს

“ნეპოტიზმი, რომელიც გზას უკეტავს პროფესიონალიზმს, უნდა დასრულდეს”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა X მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გახსნაზე განაცხადა.

„საქართველო გზაგასაყარზეა. ქვეყანა გათავისუფლდა ხილული ბორკილებისგან, მაგრამ უფრო მყარი აღმოჩნდა უხილავი ბორკილები. დღეს ვართ დამოუკიდებლები, ვართ თავისუფლები, თუმცა, ჯერ კიდევ გვჭირდება ჩვენი ცნობიერების გათავისუფლება და ინსტიტუტების გაძლიერება. ამისთვის კი საჭიროა, გავთავისუფლდეთ იმისგან, რაც გვაბრკოლებს:
შიში სიმართლის თქმისა, შიში ინიციატივისა და პასუხისმგებლობისა! თამამი ნაბიჯების გადადგმის შიში! შიში, რომელიც ყველაფერს აბრკოლებს და ჩვენს თავს გვართმევს.
ტყუილი და ხალხით მანიპულირება ცრუ ლოზუნგებისა და პოპულისტური დაპირებების მეშვეობით. იდეოლოგიების დრო დასრულდა: კომუნიზმი დასრულდა, ულტრალიბერალიზმმაც ვერ გაამართლა, ურაპატრიოტიზმი რეალური ეროვნული შემართების საპირისპიროა. ფანატიზმი შლის საზოგადოებას და ანგრევს პიროვნებას.
ერთგვარი კოლონიალური კომპლექსი, რომელიც დამოუკიდებლობის სრულფასოვან აღქმას აბრკოლებს; ნაკლებად გვჯერა საკუთარი თავის, საკუთარი წიაღიდან წამოსული სიტყვისა და აზრის. ეს გვართმევს თვითდაჯერებულობას, რომლის გარეშეც შეუძლებელია, გვქონდეს საკუთარ თავის რწმენა და ეფექტურად ვმართოთ ქვეყანა. ეს ჩვენი სისუსტეა, რომელიც გვაიძულებს, მაგალითად, მუდმივად ვამტკიცოთ ჩვენი ევროპელობა მაშინ, როცა ევროპელობა ჩვენი ისტორიისა და კულტურის არსია.
ნეპოტიზმი, რომელიც გზას უკეტავს პროფესიონალიზმს. უნდა დასრულდეს.
გამოცდილებისა და ცოდნის უგულებელყოფა, რაც შრომის ბაზრიდან უფროსი თაობების განდევნას ამართლებს და გვაღარიბებს. დაუშვებელია ნიჭიერებისა და განათლების დაუფასებლობა; დამღუპველია შიში თავისუფალი ადამიანისა. ეს გვაკარგვინებს ძვირფას ადამიანურ რესურსს და აფერხებს მათ მოზიდვას ქვეყნისა და საზოგადოების სამსახურში.
მერკანტილური მიდგომა, რაც გამოითქმის ორი სიტყვით – „მე რა?“ – მრავალჯერ გავიგონეთ არჩევნების და არამხოლოდ არჩევნების დროს. უანგარობა და თავდადება სისულელედ უფრო აღიქმება, რაც საწყისშივე კლავს სახელმწიფო მოღვაწეობის სურვილს. ერთნაირად გვესმის მოღვაწეობა, საქმიანობა და მუშაობა! მერკანტილობა გვიბიძგებს სწრაფი მატერიალური შედეგის მიღებისკენ და არა – გრძელვადიანი მიზნის მიღწევისკენ. იმაშიც გვიშლის ხელს, რომ სათანადოდ დავაფასოთ მეცენატობა.
მტრად და მოღალატედ გამოცხადება, რაც ყველა ტოტალიტარული რეჟიმის პირველი მახასიათებელი იყო. მტრის ხატით, მისი ძიებით შიგნით და გარეთ, ამართლებდნენ ადამიანების დამონებას, საზოგადოების ჩაკეტვას და პიროვნებების განადგურებას. ერთხელ და სამუდამოდ წარსულს უნდა ჩავაბაროთ ეს ტერმინები, ეს ენა, ასეთი დამოკიდებულება საზოგადოებისა და ადამიანებისადმი. ამ ბორკილების დამსხვრევაზე დამოკიდებულია ჩვენი მომავალი ახალი, თამნამედროვე, ძლიერი საქართველოს შექმნა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები