კაპანაძე – ელისაშვილზე: დამრჩა შთაბეჭდილება, რომ პარლამენტში უნდა შესვლა და ცდილობს, კონფლიქტში შევიდეს ოპოზიციასთან
“დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მას უნდა შესვლა პარლამენტში და ახლა ეძებს საბაბს და ცდილობს, რომ კონფლიქტში შევიდეს ოპოზიციასთან რაღაც მოგონილი საბაბით”, – ასე უპასუხა სერგი კაპანაძემ ალეკო ელისაშვილის განცხადებას.
„ევროპული საქართველოს“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე კაპანაძემ აღნიშნა, ამოცანა არის, რომ მთავარი მოთხოვნები, რაც ჰქონდა ყველა ოპოზიციურ პარტიას, მოთხოვნები იყოს ბოლომდე გატანილი.
„საუბარი იმაზე, რომ „ევროპული საქართველო“ არის საბოტაჟის რეჟიმში, უბრალოდ, არასერიოზულია. ჩვენ თავიდან ბოლომდე ვმონაწილეობთ ამ მოლაპარაკებებშიც და დიდი გამოცდილება გვაქვს მოლაპარაკებებში მონაწილეობის აქამდეც. ჩვენი ამოცანა არის, რომ მთავარი მოთხოვნები, რაც ჰქონდა ყველა ოპოზიციურ პარტიას, მოთხოვნები იყოს ბოლომდე გატანილი – ეს არის ახალი არჩევნები, ეს არის პოლიტპატიმრები და ეს არის საარჩევნო რეფორმა“, – განაცხადა კაპანაძემ.
დღეს ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ „ევროპული საქართველო“ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების საბოტირებას ცდილობს, თვითონ ელისაშვილი კი საარჩევნო რეფორმის შესახებ შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში პარლამენტში შევა.