ელისაშვილი: ბოკერია და უგულავა საბოტაჟით არიან დაკავებულნი, რადგან ვერ შედიან პარლამენტში, თავი მოეჭრა ერთს ზუგდიდში, მეორეს – ფოთში
“ბოკერიას პარტია დადის იმ შეხვედრებზე მხოლოდ იმიტომ, რომ გარეთ გამოიტანოს დეტალები, ილაპარაკოს, აურიოს ყველაფერი, საბოტაჟით არიან დაკავებულები”, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„განსაკუთრებით თავგამოდებულები იყვნენ ბოკერიას პარტიაში, არიქა, ელისაშვილი შევიდა პარლამენტში, ფული აიღოო.
ორი პრინციპი მაქვს, რითაც პოლიტიკაში რაღაცებს ვაკეთებ. ყოველთვის გავაკეთებ იმას, რასაც სინდისი და ქვეყნის ინტერესი მკარნახობს. ყოველთვის გავაკეთებ იმას, რისიც მჯერა და მწამს.
ხელფასის იქეთ არცერთი თეთრი არასდროს მიმიღია. ვერ წარმომიდგენია ადამიანი, რომელიც მოვა და ფულზე დამიწყებს საუბარს, ცოცხალი ვერ გამასწრებს. ეს ყველამ კარგად იცის. მოლაპარაკებებს რაც შეეხება, ელჩები გვეუბნებიან, მოდით, პროცესს ნუ დააზიანებთ, გარეთ თუ გავა ის, რაზეც აქ ვსაუბრობთ, პროცესი დაზიანდება და შეთანხმებამდე ვერ მივალთო, ეს ძალიან მარტივია. იქ რაღაც თანამდებობებს და ფულს კი არ ვითხოვთ. მე რომ სიტყვას ვაძლევ, მისი ერთგული ვარ, განსხვავებით სხვა პარტიებისგან. ბოკერიას პარტია დადის იმ შეხვედრებზე მხოლოდ იმიტომ, რომ გარეთ გამოიტანოს დეტალები, ილაპარაკოს, აურიოს ყველაფერი, საბოტაჟით არიან დაკავებულები, რომ ჩაშალონ ყველაფერი, რადგან ვერ მოხვდნენ პარლამენტში ბოკერია და უგულავა. ამიტომ უნდათ, ყველაფერი არიონ. თავი მოეჭრა ერთს ზუგდიდში, მეორეს – ფოთში.
წავიდა ნიკო ნიკოლაძესავით ბოკერია და ექვსი პროცენტი აიღო ფოთში, რა ეგონა, რას იზამდა. ახლა უნდათ, ყველაფერი აურიონ და ჩაშალონ. მე არ მინდა, ჩავშალო“, – წერს ელისაშვილი.