“ვისურვებდი, თუ ამის ნებართვას საქართველო გასცემს, აშშ-ს საქართველოში გაეხსნა ბაზა, რომელსაც ვაშინგტონი გამოიყენებდა სირიაში ან ერაყში პრობლემების საპასუხოდ სამხედროების გაგზავნისას”, – ამის შესახებ ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილმა მეთაურმა, ბენ ჰოჯესის საქართველოს „პირველ არხთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
ბენ ჰოჯესის თქმით, აშშ-ისა და ნატო-ს მთავარი მიზანი უნდა იყოს შავი ზღვის რეგიონში ინიციატივის ხელში ჩაგდება.
„ვისურვებდი, რომ საქართველომ მიიწვიოს აშშ-ი, დიდი ბრიტანეთი და კიდევ რამდენიმე ქვეყანა, რათა მათ საქართველოში ინფრასტრუქტურა განათავსონ. არ მაქვს საუბარი დიდ ინფრასტრუქტურაზე, მაგრამ შეიძლება, ეს იყოს საჰაერო ოპერაციების დამხმარე ინფრასტრუქტურა. მაგალითად, თვითმფრინავების საწვავით გამართვა, ასევე, სახმელეთო ძალებისთვის ამუნიციისა და სხვა საჭირო რესურსების მარაგის საწყობი. ვგულისხმობ ნივთებს, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელი იქნება კრიზისის დროს, ან წვრთნებისთვის. ასევე ვფიქრობ, რომ თუ საქართველო ანაკლიის პორტს ააშენებს, ეს კარგი იქნება, რადგან ამ შემთხვევაში, ამერიკის ფლოტის ხომალდები საქართველოში ვიზიტს უფრო ხშირად შეძლებენ. სწორედ ამას ვგულისხმობ ინფრასტრუქტურაში. მე არ ვსაუბრობ სამხედრო ძალების მუდმივ განთავსებაზე, როტაციული ძალებს ვგულისხმობ. ეს წაახალისებდა აშშ-ს, დიდ ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებს, უფრო ხშირად ჩავიდნენ საქართველოში. ასევე, ვისურვებდი, რომ თუ ამის ნებართვას საქართველო გასცემს, აშშ-ს საქართველოში გაეხსნა ბაზა, რომელსაც ვაშინგტონი გამოიყენებდა სირიაში ან ერაყში პრობლემების საპასუხოდ სამხედროების გაგზავნისას. ასეთი ბაზის საქართველოში გახსნა შეიძლება, იყოს სასარგებლო. მთავარი კი მიზანია, რომ აშშ-მა და ნატო-მ შავ ზღვაში ინიციატივა ხელში ჩაიგდონ და მუდმივად მხოლოდ კრემლის საპასუხოდ არ მოქმედებდნენ. პირიქით, კრემლს უნდა ვაიძულოთ რეაგირება ჩვენს ნაბიჯებზე. ეს არ არის პროვოკაციული ქმედება. რუსეთს პროვოცირება არ სჭირდება. რუსეთი საქართველოსა და უკრაინაში იმ პერიოდში შეიჭრა, როდესაც რუსეთის მიმართ ჩვენი მიდგომა ყველაზე რბილი იყო. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ჩვენ გერმანიიდან ყველა ტანკი გავიყვანეთ. ამიტომ, რუსეთის პროვოცირებაზე არ უნდა ვინერვიულოთ“, – განცხადა ბენ ჰოჯესმა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ რუსეთზე ზეწოლა გააგრძელოს და ეს გერმანიასა და საფრანგეთთან ერთად გააკეთოს.
„გერმანია არის აშშ-ის მნიშვნელოვანი მოკავშირე და ამავდროულად, ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც შეუძლია, ზეგავლენა მოახდინოს კრემლის ქცევაზე. აშშ-მა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს გერმანიის მთავრობასთან, რათა კრემლზე ზეწოლა შენარჩუნებული იყოს. ჩვენ ასევე უნდა წავახალისოთ საფრანგეთი, რათა პარიზმა ასევე გააგრძელოს ზეწოლა კრემლზე. მაგრამ ყველაფერი მაინც აშშ-ზეა დამოკიდებული. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში აშშ-ის პრეზიდენტის პოზიცია მკაფიო არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპმა გააფართოვა აშშ-ის წარმომადგენლობა გერმანიაში და ზოგადად, ევროპაში, მას რეალურად არასდროს დაუგმია კრემლი. იმედი მაქვს, ბაიდენის ადმინისტრაცია იმუშავებს საფრანგეთთან და გერმანიასთან, რომ მოახდინონ ზეწოლა მოსკოვზე, რათა კრემლი პატივისცემით მოეკიდოს საერთაშორისო კანონმდებლობას და სუვერენულ საზღვრებს. ჩვენ უნდა მოვახდინოთ რუსეთზე დიპლომატიური და ეკონომიკური ზეწოლა. რუსეთს პასუხი უნდა ვაგებინოთ, როდესაც ის საერთაშორისო ნორმებს არღვევს. თუ აშშ, გერმანია და საფრანგეთი ამ საკითხზე ერთად იმუშავებენ, შედეგების მიღწევა შესაძლებელი იქნება“, – განაცხადა ბენ ჰოჯესმა საქართველოს „პირველ არხთან“ ინტერვიუში.