დავით ბაქრაძე: ჩვენი პრინციპული პოზიცია დღეს მოლაპარაკებებზე იქნება, რომ ყველამ გაასაჯაროოს საკუთარი პოზიცია და საზოგადოებამ იცოდეს, რომელი პარტია რას ემხრობა
“ვერანაირი ცვლილება საარჩევნო კოდექსში ჩვენი მხრიდან ვერ იქნება განხილული, როგორც საკმარისი პირობა პოზიციის შესაცვლელად და პარლამენტში შესასვლელად, ამიტომ, ჩვენ არ შევდივართ პარლამენტში”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, არჩევნების გარეშე პარლამენტში შესვლა გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაცია და „ქართული ოცნების“ ძალიან მძიმე პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანა იქნება.
„ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იძულებულნი ვიყავით, ანგარიში გაგვეწია მედიატორების პოზიციისთვის, რომ არ გახმაურებულიყო მოლაპარაკებების დეტალები, მაგრამ ვფიქრობ, ამან მიიღო სრულიად არასწორი სახე და საზოგადოებაში გაჩნდა ძალიან ბევრი არასწორი ინფორმაცია. ამიტომ, ჩვენი და ჩემი პრინციპული პოზიცია დღეს მოლაპარაკებებზე იქნება, რომ გასაჯაროვდეს ყველაფერი, ყველამ გაასაჯაროოს საკუთარი პოზიცია და საზოგადოებამ იცოდეს, რომელი პარტია რას ემხრობა.
მე შემიძლია, მკაფიოდ გითხრათ „ევროპული საქართველოს“ სახელით, იმ პირობებში, როდესაც გუშინდელი რაუნდის შემდეგაც კი „ქართული ოცნება“ საუბრობდა, რომ ისინი არ მოდიან რიგგარეშე არჩევნებზე და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე, ვერანაირი ცვლილება საარჩევნო კოდექსში, ჩვენი მხრიდან ვერ იქნება განხილული, როგორც საკმარისი პირობა პოზიციის შესაცვლელად და პარლამენტში შესასვლელად, ამიტომ ჩვენ არ შევდივართ პარლამენტში ასეთ პირობებში და დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა დანარჩენი პარტიაც დარჩება საკუთარი პოზიციის ერთგული, ვინაიდან ყველას კარგად გვესმის, რომ არჩევნების გარეშე პარლამენტში შესვლა ამ სიტუაციაში ემსახურება მხოლოდ გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციას, ემსახურება „ქართული ოცნების“ გამოყვანას იმ ძალიან მძიმე პოლიტიკური კრიზისიდან, რომელშიც ხელისუფლებამ თავისი თავი შეიყვანა არჩევნების გაყალბებით და არ ემსახურება ქართველი ხალხისა და საქართველოს ინტერესს, ამიტომ ჩვენი პოზიცია არის სრულიად ნათელი”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.