ამირან გამყრელიძე: საავადმყოფოში მოთავსებულ ყველა სიმპტომებიან პაციენტს უნდა ჩაუტარდეს ტესტი, მოსახლეობას ვთხოვ, თუ რამე გაუგებრობა იქნება, ცხელ ხაზზე დარეკონ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მთავრობის დადგენილების თანახმად, ყველა საავადმყოფოს ევალება, ჰოსპიტალიზებულ პაციენტს, რომელსაც აქვს ცხელება ან სხვა რესპირაციული სიმპტომები, ანტიგენის სწრაფი ტესტი ჩაუტარდეს.

გამყრელიძე საზოგადოებას მოუწოდებს, იმ შემთხვევაში, თუ ტესტირებასთან დაკავშირებით რამე ცალკეული გაუგებრობა იქნება, ცხელ ხაზზე დარეკონ.

„მთავრობის დადგენილებით, ყველა საავადმყოფოს ევალება (ყველა საავადმყოფოს ანტიგენტესტები გატანილი აქვს), რომ სტაციონარში მოთავსებულ პაციენტს, იქნება ცხელებით, რესპირაციული სიმპტომებით, თუ ნებისმიერი სხვა დიაგნოზით, მას ანტიგენზე დამყარებული ტესტი ჩაუტარდეს. დღეში დაახლოებით ჰოსპიტალიზაცია არის 1000-1 500 და ყველა საავადმყოფოში მოთავსებულ ადამიანს უნდა ჩაუტარდეს ტესტი. ეს ტესტი წესით და რიგით, გატანილი უნდა ჰქონდეს ყველა საავადმყოფოს.

რაც შეეხება ამბულატორიულ ქსელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით 140-მდე ამბულატორიულმა დაწესებულებამ სურვილი გამოთქვა ამ პროგრამაში მონაწილეობის. თითოეულთან დაავადებათა კონტროლის ცენტრის შესაბამის დეპარტამენტს აქვს დარეკილი და მათთან გაფორმებულია ხელშეკრულება. ეს ხომ უფასო არ არის, სახელმწიფო ამ ტესტს აძლევს და ასევე მომსახურებაში, ანუ ტესტის ჩატარებაში უხდის შესაბამის თანხას. ამიტომ, ისინი, ვინც ჩართული არიან, ვალდებულება აქვთ, ტესტი გააკეთონ და მათ ტესტები გატანილი აქვთ. თუ რამე გაუგებრობა არის, ვთხოვ მოსახლეობას, დააფიქსირონ ეს ჩვენს ცხელ ხაზზე- 116 001-ზე, დატოვონ თავიანთი ტელეფონის ნომერი. ვინც არის სიაში შეყვანილი და მას არ ემსახურებიან, ამ ცალკეულ შემთხვევებს მოუგვარებენ, მაგრამ ეს გლობალურად არ უნდა იყოს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები