ნიკოლოზ მჭედლიშვილი: პარლამენტის დელეგიტიმაცია მაშინ მოხდებოდა, როდესაც დასავლეთი ამ არჩევნებს არ აღიარებდა, ამიტომ, ფუჭია იმაზე საუბარი, რომ ეს პარლამენტი არალეგიტიმური იქნება
„პარლამენტის დელეგიტიმაცია მაშინ მოხდებოდა, როდესაც დასავლეთი ამ არჩევნებს არ აღიარებდა, ამიტომ, ფუჭია იმაზე საუბარი, რომ ეს პარლამენტი არალეგიტიმური იქნება“, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ნიკოლოზ მჭედლიშვილმა გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა.
მისი თქმით, შთაბეჭდილება რჩება, რომ ის რევოლუციური სცენარი, რომელიც დაგეგმილი იყო, ჩავარდა.
„ოპოზიციას სხვა გზა არ დარჩენია – ის მიტოვებულია დასავლეთის მიერ. როგორც ვიცი, ელჩები მათ იბარებდნენ ცალ-ცალკე და სთხოვდნენ კომპრომისზე წასვლას. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, იმ ფონზე, როდესაც მმართველი პარტია ამბობს, რომ მისთვის წითელი ხაზია არჩევნების არჩატარება, მაგრამ ოპოზიცია შემდეგ რაუნდზე თანახმაა, ნიშნავს, რომ გარკვეული კომპრომისისთვის სივრცე არსებობს. ალბათ, ეს კომპრომისი იქნება საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებისაკენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შემდეგი არჩევნები უკვე 2021 წელს გვაქვს“, – აღნიშნა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა.
შშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გაიმართა.