გიორგი ხელაშვილი: სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, არასწორია, როდესაც რომელიმე ან, თუნდაც, რამდენიმე წვრილი პოლიტიკური პარტიის მოთხოვნის საფუძველზე, სახელმწიფო თავისსავე ჩატარებულ არჩევნებზე უარს ამბობს
“სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, არასწორია, როდესაც რომელიმე ან, თუნდაც, რამდენიმე წვრილი პოლიტიკური პარტიის მოთხოვნის საფუძველზე, სახელმწიფო თავისსავე ჩატარებულ არჩევნებზე უარს ამბობს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ სიის წევრმა, გიორგი ხელაშვილმა გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობამ ძალიან მკაფიოდ დააფიქსირა საკუთარი არჩევანი.
,,თავისი შინაარსით, პლებისციტი მოსახლეობის გაცილებით დაბალი დონის გამოკითხვაა, ვიდრე – რეფერენდუმი და, მით უმეტეს – არჩევნები. სულ რამდენიმე კვირის წინ საქართველოს მოსახლეობამ ძალიან მკაფიოდ დააფიქსირა საკუთარი არჩევანი. ჩვენ ოპოზიციისგან არ მოგვისმენია რაიმე არსებითი მტკიცებულება იმის შესახებ, თუ რატომ იყო ეს არჩევნები გაყალბებული ან არშემდგარი, რაც შეიძლება, ხელახალი არჩევნებისა და პლებისციტის ჩატარების საფუძველი იყოს.
პრობლემა სწორედ ისაა, რომ მათ უარი თქვეს ნებისმიერი სახის განხილვაზე, იქნებოდა ეს ვიდეომასალის შემოწმება, გადათვლა უბნებზე, საჩივრების არსებითი განხილვა და ა.შ. ეს იყო პოლიტიკური „ფეხის ბაკუნი“ იმისთვის, რომ საკუთარ პოლიტიკურ მიზნებს მიაღწიონ. შესაბამისად, სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, არასწორია, როდესაც რომელიმე ან, თუნდაც, რამდენიმე წვრილი პოლიტიკური პარტიის მოთხოვნის საფუძველზე, სახელმწიფო თავისსავე ჩატარებულ არჩევნებზე უარს ამბობს და შემდეგ ამ არჩევნებში შეაქვს ეჭვი, პლებისციტის სახით“, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.
ცნობისთვის, დღეს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გაიმართა.