კახა ვაჭარაძე: კოვიდინფიცირებულთა მხოლოდ 5%-ია მძიმე, თუმცა, ,,კოვიდ 19″ ტუბერკულოზზე მძიმე დაავადებაა
როგორ დაადგინონ ,,კოვიდ 19″-ით ინფიცირებულმა პაციენტებმა, მძიმე თუ მსუბუქ ფორმაში აქვთ ვირუსი და რამდენად სერიოზულია ფილტვის დაზიანება, როდესაც პაციენტს მხოლოდ სატელეფონო კონსულტაცია აქვს ექიმთან? როდის ხდება აუცილებელი ინფიცირებულის სტაციონარში გადაყვანა და ბოლომდე იკურნება თუ არა ინფექციის გადატანის შემდეგ ფილტვი – ,,კვირა” პულმონოლოგსა და ფთიზიატრს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორ კახა ვაჭარაძეს დაუკავშირდა:
-როგორ მიხვდეს ავადმყოფი, რომელსაც ტესტით უკვე დადასტურებული აქვს ვირუსი, რამდენად მძიმეა მისი მდგომარეობა და ესაჭიროება თუ არა სტაციონარული მკურნალობა. პირველ ეტაპზე სახლში დარჩენილ პაციენტებს ხომ მხოლოდ სატელეფონო კომუნიკაცია აქვთ ოჯახის ექიმთან?
-დღეის გამოცდილებით, დანამდვილებით შეიძლება, ითქვას, რომ კორონავირუსით ინფიცირებულები მსუბუქ, საშუალო და მძიმე კატეგორიებად იყოფიან. საბედნიეროდ, საშუალო სიმსუბუქისაა პაციენტთა 95%. 2%-დან 5%-მდე პაციენტია მხოლოდ მძიმე. საშუალო სიმძიმის პაციენტების შემთხვევაშიც ვირუსი ვარიაცილურია და სხვადასხვაგვარდ იქცევა. ყველაზე მსუბუქი უსიმპტომო, ანუ უჩივილო პაციენტები არიან. მათი დიაგნოსტირება ხდება სწრაფი ტესტით ანტისხეულებზე. თუ პასუხი დადებითია, მიუხედავად იმისა, რომ პაციენტი უსიმპტომოა, ესე იგი, ის ინფიცირებუალია. ასეთი პაციენტები არ საჭიროებენ რაიმე სპეციალურ მკურნალობას, ვურჩევ მათ – იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით, იმოძრაონ, სვან სითხეები, ატარონ სუნთქვითი ვარჯიშები, მიიღონ ვიტამინები და საკვების ბუნებრივი დანამატები. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს აღენიშნება გონების დაბინდვა, მაღალი სიცხე, სუნთქვის სიხშირის მატება და გაძნელება, ანუ სუნთქვის მძიმე უკმარისობა, ხველა, დისკომფორტი და ტკივილი სახსრებში, უნდა ვივარაუდოთ, რომ მდგომარეობა მძიმეა და ასეთი პაციენტი საჭიროებს დროულ ჰოსპიტალიზაციას.
-ავადმყოფმა თავად უნდა განსაზღვროს საკუთარი მდგომარეობის სიმძიმე?
-დღევანდელ დღეს ეს აღარაა პრობლემა. წნევის აპარატი და სისხლის სატურაციის მზომელი მოწყობილობა თითქმის ყველას აქვს ოჯახში. პირველ ყოვლისა, გაიზომეთ წნევა. თუ ის ნორმაზე დაბალია და სატურაციის მაჩვენებელი 90%-ზე ნაკლებია, მაშინ მდგომარეობა სერიოზულია და უნდა მოითხოვოთ სტაციონარში გადაყვანა. თუ სატურაციის მაჩვენებელი 94%-ს ზევითაა, სისხლში ჟანგბადის შემცვლეობა ნორმალურია და წნევაც იმდენივეა, რასაც ჩვეულებრივ ატარებთ, ესე იგი, პანიკის საფუძველი არ გაქვთ.
-შესაძლებელია, ფილტვების ანთება უსიმპტომო პაციენტებსაც ჰქონდეთ?
-სრულიად შესაძლებელია. დაბალი სიცხეები, მსუბუქი ხველა, ქოშინი ფილტვების ანთებისთვის დამახასიათებელი მაჩვენებელია. ყველა შემთხვევაში, კოვიდინფიცირებულმა უნდა გადაიღოს გულ-მკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია მაღალი რეზოლუციით, რომელიც კოვიდინფიცირებულებს სახელმწიფო ხარჯით უტარდებათ. დღეისათვის ფილტვის დაზიანების სიმძიმე ნახევრად კვანტიტენტური შკალით იზომება. ევროპული პარამეტრებით, ფილტვის დაზიანების ხარიხსი 0-დან 25-მდე დანაყოფით იზომება. რაც მძიმეა დაზიანება, მით მეტი ქულით ფასდება იგი. მაგალითად, 10-15 ქულით შეფასებული პაციენტები მუბუქად ითვლებიან, 15 ქულის ზევით მდგომარეობა მძიმეა.
-რა გართულებას ტოვებს ფილტვში მძიმე შემთხვევა და როგორ გავაგრძელოთ მკურნალობა მას შემდეგ, რაც პაციენტი ინფექციისგან განკურნებულად, კოვიდუარყოფითად ჩაითვლება?
-,,კოვიდ 19″ ტოვებს გართულებას, ფიბროზს. ფილტვის შემაერთებელ ქსოვილში რჩება ნაწიბური, რომელსაც შესაბამისი მკურნალობა ესაჭიროება. რაც მეტი ნაწიბურია ფილტვში, მდგომარეობა მით უფრო საყურადრებოა.
-ასეთ პაციენტებს ბუშტების ბერვას რატომ ურჩევთ?
-იმიტომ, რომ ეხმარება ფილტვის ვენტილაციას. თუ პაციენტმა ვირუსი მძიმედ გადაიტანა, მაღალი სიცხეები ჰქონდა და ფეხზე დგომა არ შეეძლო, მას შემდეგ, რაც მომჯობინდება, ვურჩევთ ბუშტების ბერვასა და ჰანტელებით ვარჯიშს. წოლისას პაციენტმა ხშირად უნდა იცვლოს გვერდი, არ შეიძლება მხოლოდ ზურგზე წოლა, ფილტვის პოზიცია ხშირად უნდა შეიცვალოს. გააჩნია, გამოჯანმრთელების შემდეგ როგორია ავადმყოფის ფილტვის მდგომარეობა, აღდგენითი მკურნალობა მხოლოდ ექიმის რეკომენდაციითაა შესაძლებელი.
-მთელს მსოფლიოში იყო მოლოდინი – რაც მეტად გავრცელდებოდა ვირუსი, მით უფრო სწრაფად დაკარგავდა ის ძალას. მას შემდეგ თითქმის ერთი წელი გავიდა. დადასტურდა ეპიდემიოლოგების ვარაუდი?
-თუ საქართველოს მაგალითით ვიმსჯელებთ, ვირუსს ძალა არ დაუკარგავს, მის ფართო გავრცელებას მეტი სიკვდილიანობა მოჰყვა. ვხედავთ, რომ დღეში 35-დან 50-მდე პაციენტი გვეღუპება. დამამშვიდებლად შეიძლება, ის ფაქტი მოვიყვანოთ, რომ ინფიცირებულთა 95% საშუალო სიმძიმისაა და მხოლოდ 5%-ია მძიმე, თუმცა, მძიმე პაციენტთა ჭირისუფლისთვის ეს 5% მთელი 100%-ია და მათ საერთო სტატისტიკური ფონი არ აინტერესებთ. ვირუსის გავრცელების თავდაპირველ ეტაპზე პროგნოზირებდნენ იმასაც, რომ ბავშვებს ,,კოვიდ 19″ არ ემართებოდათ. დღეს ვხედავთ დაინფიცირებულ ფეხმძიმე ქალებსა და ბავშვებს, რომლებიც ამ ინფექციით იბადებიან, თუმცა, მათი უმრავლესობის მდგომარეობა ძალზე მხუბუქია და მკურნალობას ექვემდებარება.
-ამ პირობებში, როდესაც საქართველოში ყოველდღიაურად უკვე 5000-მდე პაციენტი ინფიცირდება, მედიკოსთა ნაწილის აზრით, შეზღუდვების დაწესებას აზრი აღარ აქვს…
-რასაკვირველია, მომხრე ვარ შეზღუდვების, თუმცა, ის გონივრული უნდა იყოს. მოგეხსენებათ, მედპერსონალის საკმაოდ დიდი ნაწილია დაინფიცირებული. ვინც ჯანმრთელადაა და სამსახურში დადის, ტრანსპორტის სერიოზული პრობლემა ექმნებათ, რადგან უმრავლესობის ხელფასი 300 ლარია, ხოლო კლინიკათა დიდი ნაწილი მედპერსონალის ტრანპორტირებას საავადმყოფოებში ვერ ახერხებს. როგორც ჩანს, ევროპაშიც შეიქმნა მსგავი პრობლემები, ამიტომაც დაუშვეს საქალაქო ტრანსპორტის მუშაობა, მაგალითად, გერმანიასა და ესპანეთში. ავტობუსებში დაიშვება მხოლოდ 4-5 მგზავრი. ჩვენთანაც თუ გახდება შესაძლებელი ამგვარი რეგულაცია, იქნებ, კლინიკები მედპერსონალის გარეშე აღარ დაგვრჩეს და მედპერსონალმა სამსახურამდე მოაღწიოს…
-ვაქცინა, რომლის მოლოდინშიცაა მთელი მსოფლიო, საგრძნობლად გააუმჯობესებს მდგომარეობას?
-ტუბერკულოზის წინააღმდეგ ვაქცინაცია 1921 წელს დაიწყო. ცნობილი ,,ბეცეჟე” დიდი შვება იყო მედიკოსებისთვის. ვაქცინაცია გარდატეხას მოახდენს ,,კოვიდ 19″-თან ბრძოლაში, მას ალტერნატივა არ გააჩნია.
-რუსეთმა საკუთარი წარმოების ვაქცინით უკვე დაიწყო მოსახლეობის იმუნიზაცია. პუტინის ხელისუფლება აცხადებს იმასაც, რომ ვაქცინაცია 24 საათის განმავლობაში, შაბათ-კვირის ჩათვლით, ყველა სამედიცინო პუნქტში ხელმწისაწვდომი იქნება. რამდენად უსაფრთხოდ შეიძლება, ჩაითვალოს რუსული ვაქცინა?
-რუსეთის მიერ დაანონსებული პრეპარატი ბოლომდე შეუსწავლელია. ჯერჯერობით, არ ვიცით, რა ეფექტი ექნება მას თუნდაც დროის მოკლე მონაკვეთშიც კი. ნებისმიერი ახალი პრეპარატის მთავარი მახასიათებელია უსაფრთხოება და ეფექტურობა. ახალი ვაქცინის შექმნას აანონსებს ,,ფაიზერიც”, უმდიდრესი ამერიკული კომპანია. ,,ფაიზერის” გამოცდილება, ფინანსები, ცოდნა და კვლევის ხარისხი ბევრად აღემატება რუსული კომპანიებისას. ახალი ამერიკული ვაქცინის ვარგისიანობას ადასტურებს ამერიკის ფედერალური სადაზვერვო ბიურო და ძლიერი ევროპული კომპანიები, რომელთა ნდობის ხარისხი ძალიან მაღალია მსოფლიოში. ასე რომ, ვაქცინაციაზე კაცობრიობა დიდ იმედებ ამყარებს.
-როგორ ფიქრობთ, ,,კოვიდ 19″ ტუბერკულოზზე საშიში დაავადებაა?
-თუ დაავადების ლეტალურ შედეგს გავითვალისწინებთ, ,,კოვიდ 19″ , რასაკვირველია, ტუბერკულოზზე საშიშია. 1 წლის განმავლობაში ,,კოვიდ 19″-ით 2 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ეს მაჩვენებელი ტუბერკულოზით გარდაცვლილთა რაოდენობას ბევრად აჭარბებს. თუმცა, ვირუსული შემთხვევების 95%-ით მსუბუქი მიმდინარეობა იმედს გვაძლევს, რომ ის არც ისე ძნელად დასამარცხებელია.