დავით ბაქრაძე: ჩვენი სურვილია, შეთანხმება შედგეს, მაგრამ ბურთი ხელისუფლების მხარესაა
„პოზიციები ძალიან განსხვავებულია, მაგრამ დაველოდოთ და შევხედოთ, მოლაპარაკებები არსებობს, რათა განსხვავებული პოზიციები დაახლოვდეს”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შორის მოლაპარაკების მესამე რაუნდის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.
ბაქრაძის თქმით, მათი სურვილია, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგეს და ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს.
„პოზიციები ძალიან განსხვავებულია, მაგრამ დაველოდოთ და შევხედოთ, მოლაპარაკებები არსებობს, რათა განსხვავებული პოზიციები დაახლოვდეს. ჩვენი სურვილია, ეს პოზიციები დაახლოვდეს, შეთანხმება შედგეს და კრიზისი განიმუხტოს, ოღონდ, რა თქმა უნდა, ბურთი არის ხელისუფლების მხარეს, რადგან კრიზისი, რომლის განმუხტვისთვისაც დღეს ვმუშაობთ, შექმნილია გაყალბებული არჩევნების შედეგად, ამიტომ, ეს ვერ იქნება მხოლოდ პარტიათა შორის შეთანხმება, ნებისმიერი შეთანხმება უნდა ითვალისწინებდეს, მათ შორის, გაყალბებული არჩევნების შედეგების უარყოფითი ეფექტის აღმოფხვრას“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.