კომუნიკაციების კომისია მოუწოდებს მაუწყებლებს, არ განათავსონ ეთერში უხამსობის შემცველი პროგრამები

კომუნიკაციების კომისია მოუწოდებს მაუწყებლებს არ განათავსონ ეთერში ადამიანების ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი უხამსობის შემცველი პროგრამები და დაიცვან კანონმდებლობის მოთხოვნები.

ამის შესახებ კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

აღინიშნება, რომ კომუნიკაციების კომისიის მიერ ჩატარებულმა საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო თვისებრივმა მედიამონიტორინგმა, რომელიც 1-ლი სექტემბრიდან – 31 ოქტომბრამდე პერიოდში 6 საერთო ეროვნულ მაუწყებელზე განხორციელდა, აჩვენა, რომ პლურალისტულ და მრავალფეროვან წინასაარჩევნო მედიაგარემოში მედიის ნაწილი პოლარიზებული და მიკერძოებულია, ნაწილი კი სიძულვილის ენით და უცენზურო გამონათქვამებითაა გაჯერებული. ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც წინასაარჩევნო მონიტორინგმა გამოავლინა ეთერში უხამსობის შემცველი გადაცემებია, რომელიც ლახავს ადამიანის ძირითად უფლებებს.

“მედიამონიტორინგის შედეგებმა აჩვენა, რომ „მთავარი არხის“ ეთერში გადაცემის წამყვანებისა და ჟურნალისტების მხრიდან ხშირად ისმოდა უხამსი გამონათქვამები, კერძოდ, 20 სექტემბრის გადაცემა „მთავარ აქცენტებში“ გადაცემის წამყვანისა და არხის დამფუძნებლის ნიკა გვარამიას მხრიდან ადგილი ჰქონდა უხამსობისა და სიძულვილის ენის ტირაჟირებას. 27 სექტემბრის ამავე გადაცემაში კი, რამდენჯერმე დედის გინების შემთხვევებიც დაფიქსირდა. უხამსობის შემცველი გადაცემები ამავე არხზე ოქტომბერშიც გაგრძელდა, 25 ოქტომბერს გადაცემა „პოსტ ფაქტუმის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ კადრში აჩვენა შარვალჩახდილი თოჯინა, გამოიყენა უხამსობის შემცველი გამონათქვამები და სიძულვილის ენა.

სიძულვილის ენის შემცველი გამონათქვამები საანგარიშო პერიოდში შეიმჩნეოდა ასევე ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ეთერში, ოქტომბრის მონიტორინგის დროს სიძულვილის ენა ისმოდა ტელეკომპანია „იმედიდანაც“, აღნიშნულ არხზე სიძულვილის ენას რესპონდენტები იყენებდნენ, თუმცა, წამყვანები არ ემიჯნებოდნენ და ეთერში რეაგირებას არ ახდენდნენ.

კანონმდებლობისა და ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვის მიზნით, კომუნიკაციების კომისია მოუწოდებს ყველა მაუწყებელს არ განათავსონ ეთერში უხამსობის შემცველი პროგრამები, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომუნიკაციების კომისია იმოქმედებს კანონმდებლობით მასზე დაკისრებული უფლებამოსილების ფარგლებში და ამ გზით დაიცავს საზოგადოებას ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი სამაუწყებლო პროგრამებით გამოწვეული ზიანისაგან”,- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი კრძალავს მაუწყებლის მიერ ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსებას, რომელიც შეიცავს უხამსობას.

მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მიღებიდან 2009 წლამდე აღნიშნული მოთხოვნის დარღვევაზე რეაგირება შესაძლებელი იყო მხოლოდ თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში და ამ საკითხის განხილვა არ დაიშვებოდა სასამართლოსა და კომუნიკაციების კომისიაში.

აღნიშნული საკანონმდებლო შეზღუდვა ძალადაკარგულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები