სერგი კაპანაძე: მთავარი საკითხი ახალი არჩევნებია, არჩევნების გარეშე არანაირ დანარჩენ საკითხზე შეთანხმება არ შედგება

“ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ მთავარი საკითხი, რაზეც შეთანხმება უნდა შედგეს, არის ახალი არჩევნები”,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების პროცესზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების მესამე რაუნდი სავარაუდოდ, ხვალ ან ზეგ გაიმართება.

„მას შემდეგ, რაც ეს რაუნდი შედგება, ჩვენ შეიძლება, ვისაუბროთ იმაზე, შედგა თუ არა შეთანხმება. ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ მთავარი საკითხი, რაზეც შეთანხმება უნდა შედგეს, არის ახალი არჩევნები, რომლის ფორმები, დეტალები და ასე შემდეგ, შეიძლება იყოს მოლაპარაკებული. დანარჩენი საკითხები ასევე მნიშვნელოვანია, ოღონდ არჩევნების გარეშე, ბუნებრივია, არანაირ დანარჩენ საკითხზე შეთანხმება უბრალოდ არ შედგება. აი, ეს არის მოცემულობა. ამიტომ ჩვენი მოლოდინი არის ისევ მესამე რაუნდზე, რომელსაც ველით, რომ უკვე მალე, სავარაუდოდ, ხვალ-ზეგ იქნება. ჩვენთვის ამოსავალი წერტილი არის არჩევნების ჩატარება და ისე ჩატარება, რომ გაყალბება, ის ინსტრუმენტები, რომლებიც იქნა გამოყენებული, ახლა აღარ იყოს ხელმისაწვდომი ხელისუფლებისთვის“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები