„პროგრესის ცენტრი“ სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის განახევრებას და უნივერსიტეტებში პოლიტიკური სტრუქტურული ერთეულების შექმნას მოითხოვს

„პროგრესის ცენტრი“ სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის განახევრებას და უნივერსიტეტებში პოლიტიკური სტრუქტურული ერთეულების შექმნას მოითხოვს, – ამის შესახებ ინფორმაციას „პროგრესის ცენტრი“ ავრცელებს.

ორგანიზაცია „პროგრესის ცენტრის“ წარმომადგენელმა, სიმბოლურად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ აქცია-პერფომანსი გამართეს და სტუდენტების ორი მოთხოვნა გაახმოვანეს – კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, გაუნახევრდეთ სტუდენტებს 2020-2021 სასწავლო წლის სწავლის გადასახადი და სტუდენტებს აღუდგეთ 2020 წელს ფინანსური დავალიანების გამო შეჩერებული სტატუსი. ამასთან აქციაზე გაჟღერდა საკონსტიტუციო სარჩელის შინაარსი – უნივერსიტეტში პოლიტიკური სტრუქტურული ერთეულების შექმნის მოთხოვნით, „პროგრესის ცენტრი“ უახლოეს პერიოდში საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს.

„ჩვენ გვინდა ხელისუფლებამდე მივიტანოთ სტუდენტების პრობლემები. Manifest.ge-ზე ორგანიზაცია „პროგრესის ცენტრმა“ გამოაქვეყნა პეტიცია, რომელსაც რამდენიმე დღეში 8 ათასმა მოქალაქემ მოაწერა ხელი. ჩვენი მოთხოვნაა ამ უმძიმეს სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში გაუნახევრდეთ სტუდენტებს სწავლის გადასახადი და აღუდგეთ სტუდენტის სტატუსი, რომელიც 2020 წელს, პანდემიის პერიოდში შეუჩერდათ. ხელისუფლება ვალდებულია ზრუნავდეს და ხელს უწყობდეს ახალგაზრდების განათლებას,“ – განაცხადა „პროგრესის ცენტრის“ თავმჯდომარემ ელენე ელბაქიძემ.

„პროგრესის ცენტრის“ წარმომადგენლის მაკა ტოხიშვილის თქმით, სტუდენტებისთვის, დღეს უნივერსიტეტში ერთადერთი მმართველი ორგანო სტუდენტური თვითმმართველობაა, რომელიც, როგორც წესი, ხელისუფლებისგანაა მართული, ხოლო სტრუქტურაში სხვა ერთეულების შექმნა კანონით აკრძალულია.

„ჩვენი მოვითხოვთ, რომ უნივერსიტეტებში დაიშვას პოლიტიკური სტრუქტურული ერთეულების შექმნა, როგორც მსოფლიოს წამყვან ქვეყნებშია, და გაუქმდეს ეს ანტიკონსტიტუციური ჩანაწერი უმაღლესი განათლების შესახებ კანონში. შესაბამისად, მივიღებთ ბუნებრივად პლურალისტურ გარემოს, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და დემოკრატიზაციას. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისეთი მნიშვნელოვანი მონაპოვარი, როგორიცაა დემოკრატიული არჩევნები და საქართველოს დამოუკიდებლობა, სწორედ ახალგაზრდების და სტუდენტების დამსახურებაა“ – აღნიშნა მაკა ტოხიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები