დიმიტრი ხუნდაძე: დესტაბილიზაცია, რასაც გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები ცდილობენ, ძალიან სახიფათოა და ეს ხიფათი შესაძლოა, თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობაზე აისახოს
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე მიიჩნევს, რომ არსებული გამოწვევების ფონზე ქართული ჯანდაცვის სისტემა თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებს და ოპოზიციის გარკვეული ჯგუფების მხრიდან წარმოებული კამპანია, რომელიც ჯანდაცვის მინისტრისა და კონკრეტული კლინიკების დისკრედიტაციას ემსახურება, მიუღებელი და სახიფათოა.
„კოვიდ-19 ვირუსის გავრცელების მეორე ტალღა უკვე რეალობად იქცა და საკმაოდ მაღალია ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების მაჩვენებლები როგორც საქართველოში, ასევე, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. სირთულეები არსებობს, მაგრამ ვფიქრობ, რომ საქართველოს ჯანდაცვა, თავისი შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმუმს აკეთებს. ამ ვითარებაში შესამჩნევია ოპოზიციისა და პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან თავდასხმა არა მხოლოდ ჯანდაცვის მინისტრსა და სექტორზე, არამედ კონკრეტულ – კლინიკებსა და ექიმებზე.
ეს მიუღებელია, რამეთუ ამ რთულ ვითარებაში ბრძოლის წინა ხაზი უკავია ჯანდაცვას და ვფიქრობ, ექიმებისა და ჯანდაცვის სისტემის დისკრედიტაცია და საზოგადოებისათვის უსაფუძვლო ინფორმაციების მიწოდება ემსახურება მხოლოდ ვითარების კიდევ უფრო დამძიმებას. მაშინ როდესაც ასეთი მძიმე გამოწვევის წინაშე დგას მთელი მსოფლიო და მათ შორის საქართველო, ვფიქრობ, რომ გამარჯვების უპირობო შემადგენელი არის სტაბილურობა და დესტაბილიზაცია, რასაც გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები ცდილობენ, ძალიან სახიფათოა და ეს ხიფათი შესაძლოა, თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობაზე აისახოს”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.