თამარ გაბუნია: “112”-ს აქვს მომლოდინე პაციენტების სია და მას შეუძლია, განსაზღვროს, ვინ უნდა გადავიდეს სტაციონარში – კარს არავის დაუხურავენ

“კლინიკებს ვთხოვთ, როდესაც პაციენტი მოდის მძიმე მდგომარეობით, აუცილებლად შეაფასონ მისი მდგომარეობა და მიიღონ, თუ ექვემდებარება ჰოსპიტალიზაციას, კარს არავის დაუხურავენ”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე  თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, “112”-ს აქვს მომლოდინე პაციენტების სია და მას შეუძლია, განსაზღვროს, ვისი მდგომარეობაა განსაკუთრებით მძიმე და ვინ უნდა გადავიდეს სტაციონარში.

„პაციენტები მიდიან კლინიკებში და ჩვენ კლინიკებს ვთხოვთ, როდესაც პაციენტი მოდის მძიმე მდგომარეობით, აუცილებლად შეაფასონ მისი მდგომარეობა და მიიღონ, თუ ექვემდებარება ჰოსპიტალიზაციას, კარს არავის დაუხურავენ.

ხშირად ხდება ისე, რომ თვითდინებით მისული მძიმე პაციენტი შეიძლება, უფრო ადრე მოხვდეს კლინიკაში და დაიკავოს ის ადგილი, რომელიც დილით ვიცოდით, რომ თავისუფალი იყო და ამან გაახანგრძლივოს “112”-ის მოლოდინის პერიოდი.

ამდენად, ყველასთან არის თხოვნა, რომ თვითდინებით და შემოვლითი გზებით ჰოსპიტალში მოხვედრა, “112”-ის გავლის გარეშე იწვევს იმას, რომ უფრო მძიმე პაციენტი შეიძლება დარჩენს ბინაზე დიდხანს, ვიდრე სხვა შემთხვევაში. ეს არის საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ უახლოეს პერიოდში მოგვარდეს და ამ მიმართულებით ვმუშაობთ, თუმცა აქაც 100-პროცენტიანი გადაზღვევა რთულია, რადგან ყოველთვის შეუძლია მოქალაქეს, მიმართოს კლინიკას, რომელსაც არ აქვს იმისი უფლება, რომ მას სერვისზე უარი უთხრას და ეს ხდება იმის მიზეზი, რომ ყველა ნაკადი ცენტრალიზებულად, 100%-იანი სიზუსტით ვერ რეგულირდება, თუმცა ის, რაც ვერ რეგულირდება, ეს არის დაახლოებით, 20-25%, დანარჩენი მაინც მოდის “112”-დან და ჩვენ რომ ეს პროცენტიც “112”-ში გადავიყვანოთ, ბევრად უფრო მარტივი იქნება საწოლფონდის მართვა შეფერხებების გარეშე“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები