“ნატო-ს ექსპერტების ჯგუფის ანგარიშში პირდაპირაა მითითებული, რომ საქართველოსთან ნატო-ს მოლაპარაკებები უნდა გადავიდეს თვისობრივად განსხვავებულ ეტაპზე”

ნატო-ს გენერალური მდივნის მიერ დანიშნული ექსპერტების ჯგუფის მიერ მომზადებულ ანგარიშში პირდაპირ არის მითითებული, რომ საქართველოსთან ნატო-ს მოლაპარაკებები უნდა გადავიდეს თვისობრივად განსხვავებულ ეტაპზე, რაც შეიძლება, წავიკითხოთ, როგორც მოწოდება მაპის, მოქმედების გეგმის მინიჭებაზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, გიორგი ხელაშვილმა განაცხადა.

ხელაშვილის თქმით, შესაძლოა, საუბარი იყოს შავი ზღვის რეგიონში ნატო-ს გააქტიურებაზე, ასევე, საქართველოში ნატო-ს ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო გაძლიერებაზე.

„შეიძლება, მე იმასაც ველოდებოდე, რომ ეს ტრანსატლანტიკური ურთიერთობა კიდევ უფრო გამყარდება, ვიდრე იყო პრეზიდენტ ობამას დროს, რომ არაფერი ვთქვათ ტრამპის პრეზიდენტობაზე. შესაბამისად, საქართველო უნდა უყოს მზად იმისთვის, რომ მაქსიმალურად ჩაერთოს სამომავლო მოლაპარაკებებში. ძალიან კარგია, რომ ნატო-ს გენერალური მდივნის მიერ დანიშნული ექსპერტების ჯგუფის მიერ მომზადებულ ანგარიშში პირდაპირ არის მითითებული, რომ საქართველოსთან ნატო-ს მოლაპარაკებები უნდა გადავიდეს თვისობრივად განსხვავებულ ეტაპზე, რაც შეიძლება, წავიკითხოთ, როგორც მოწოდება მაპის, მოქმედების გეგმის მინიჭებაზე. რამდენად განხორციელდება ეს, ამას მომავალი გვიჩვენებს, თუმცა, ერთი რამის თქმა დარწმუნებით შეიძლება, რომ საქართველოსა და ნატო-ს ურთიერთობები მომავალი ოთხი წლის შემდეგ გაცილებით უფრო ახლო და დინამიკური გახდება.

ვგულისხმობ თუნდაც საწვრთნელი ცენტრების ერთობლივ მუშაობას, ასევე, მე არ გამოვრიცხავ, შეიძლება, შეიცვალოს და სასურველია, არსებულ სამხედრო წვრთნებს დაემატოს ახალი პროფილები, რაც იქნებოდა კრიზისების დაძლევის, საინფორმაციო ოპერაციების, კიბერნეტიკული უსაფრთხოების საკითხები, რომლებიც, სავარაუდოდ, მომავალ წლებში უფრო აქტუალური და მნიშვნელოვანი გახდება საქართველოსა და ნატო-სთვის“, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები