როდიდან შეიძლება, მოიხსნას პაციენტი თვითიზოლაციიდან – მაია ბუწაშვილის განმარტება
“იზოლაციის მოხსნის კრიტერიუმად ითვლება სიმპტომების დაწყებიდან გასული ათი დღე და სიმპტომების დამთავრებიდან 3 დღე”, – ამის შესახებ ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, სიმპტომების დაწყებიდან 10 დღის შემდეგ პაციენტი იზოლაციიდან თავისუფლდება.
„ხშირად პაციენტები გვეკითხებიან, რომელი სიმპტომების დაწყებიდან უნდა გავიდეს 3 დღე. აქ ძნელია გამიჯვნა, ყნოსვა და გემოვნება ზოგს ძალიან დიდხანს რჩება, ამიტომ, ამის გამო ჩვენ ბოლომდე პაციენტს ვირუსგამომყოფად და იზოლაციიდან არმოხსნის კანდიდატად ვერ ჩავთვლით. სასტარტო სიმპტომი არის ცხელება. ამერიკის ჩანაწერში პირდაპირ წერია – ცხელებიდან თავისუფალი 24 საათი, პლუს, სიმპტომების დაწყებიდან 10 დღის შემდეგ პაციენტი იზოლაციიდან თავისუფლდება. აქ ლაპარაკია ცხელებაზე, როგორც წამყვან სიმპტომზე.
უსიმპტომო პაციენტებში ათვლის წერტილად ითვლება დადებითი PCR და ვირუსის დადასტურებიდან 10 დღის შემდეგ პაციენტი თავისუფლდება იზოლაციიდან, ანუ ითვლება, რომ ის გადამდები აღარ არის“, – განმარტა ინფექციონისტმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ყნოსვისა და გემოს დაკარგვა ბევრს დიდხანს რჩება და ეს მათი იზოლაციის საფუძველი არ არის.