სურსათის ეროვნული სააგენტო: წელს ფაროსანას საწინააღმდეგოდ 325 700 ჰექტრამდე ფართობი დამუშავდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარე წელს წარმატებით დასრულდა. ახალი კორონავირუსის (COVID – 19) გავრცელების მიუხედავად, მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით, მთელი წლის განმავლობაში შეუფერხებლად მიმდინარეობდა.
ფაროსანასთან ბრძოლის პროცესში ჩართული იყო 250-მდე სპეციალიზებული ტექნიკა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრმა დასავლეთ საქართველოს (სამეგრელო, გურია, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, აჭარა) 37 მუნიციპალიტეტში 325 700 ჰექტრამდე ფართობი დაამუშავა, მათ შორის: თერმული ნისლით – 231 000 ჰა; ცივი შესხურებით – 48 900 ჰა სიმინდის მასივი, 45 800 ჰა – სოფლისა და ტყის პერიმეტრი.
,,გარემოზე პესტიციდების დატვირთვის შემცირების მიზნით და წინა წლებში მიღებული შედეგების გათვალისწინებით, აქცენტი გაკეთდა ,,მოიზიდე და გაანადგურე” სადგურების ტექნოლოგიის გამოყენებაზე. სადგურები ტყის პერიმეტრებზე, სოფლის შიდა გზებსა და საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ, ფუტკრის დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, არაყვავილოვან მცენარეებზე განთავსდა. სულ დამონტაჟდა 107 000 ფერომონი.
საკოორდინაციო მართვის ცენტრი უზრუნველყოფდა წამლობის დროულად ჩატარებასა და მოსახლეობის ინფორმირებას გზავნილების სისტემის გამოყენებით. მავნებლის გავრცელების კონტროლის მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობდა მონიტორინგი.
სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული აქტიური სამუშაოების შედეგად, მავნებლის რაოდენობა მინიმუმამდე შემცირდა, სასოფლო-სამეურნეო კულტურები დაზიანებას გადაურჩა და ფერმერებმა თხილის, სიმინდისა და ციტრუსის მაღალხარისხიანი უხვი მოსავალი მიიღეს, რაც დადებითად აისახა ქვეყნის საექსპორტო პოტენციალზე, კერძოდ, 2020 წლის 1 აგვისტოდან 29 ნოემბრამდე განხორციელდა 11 311 ტონა თხილის ექსპორტი, რაც 3 060 ტონით (37%) აღემატება 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ექსპორტირებული თხილის ღირებულებამ 59.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა,”- ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.