მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილებებზე იმსჯელეს
“საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული და ამოქმედებული წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილებებზე იმსჯელეს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში”,- ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლები რეგიონალური სამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდნენ, სადაც საუბარი რიგი ეკონომიკური ბიზნესსაქმიანობების მკაცრ გაკონტროლებას შეეხებოდა.
“შეხვედრას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მაცაცო (მანანა) ნარიმანიძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს, შემოსავლების სამსახურის და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მხარეებმა იმსჯელეს და დაგეგმეს მომდევნო ერთი თვის განმავლობაში გასატარებელი ღონისძიებები. რაც შეეხება სანქციებს რეგულაციების დარღვევის გამო თავდაპირველად მოხდება ბიზნესსუბიექტის გაფრთხილება ხოლო შემდგომ ყველა იმ სუბიექტების დაჯარიმება, რომლებიც ახორციელებენ არანებადართულ საქმიანობას”,- ნათქვამია ინფორმაციაში.