მაია ცქიტიშვილი: ბიუჯეტიდან პარტიებს ვაფინანსებთ სწორედ იმის გამო, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა აიღონ პასუხისმგებლობა მოქალაქეების წინაშე
“დაფინანსება ყოველთვის მოყვება ამა თუ იმ საქმის კეთებას და ამა თუ იმ პასუხისმგებლობის აღებას”, – ამის შესახებ ვიცეპრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა პოლიტიკური პარტიების დაფინანსებაზე საუბრისას განაცხადა.
ცქიტიშვილის თქმით, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და სათანადოდ უნდა იყოს წარმოდგენილი პარლამენტში.
„არჩევნებში მონაწილეობა და საკუთარი თავის პოლიტიკურ პარტიად პოზიციონიება, პირველ ყოვლისა, ამომრჩევლის წინაშე პასუხისმგებლობაა. ეს პასუხისმგებლობა გამოიხატება იმ პროცესში მონაწილეობაში, რასაც გულისხმობს საპარლამენტო დემოკრატია.
შესაბამისად, ყველა ამ პოლიტიკურმა პარტიამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და სათანადოდ უნდა იყოს წარმოდგენილი პარლამენტში ისე, როგორც ეს გადაწყვიტა ქართველმა ამომრჩეველმა. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ დაფინანსებაზე,
დაფინანსება ყოველთვის მოყვება ამა თუ იმ საქმის კეთებას და ამა თუ იმ პასუხისმგებლობის აღებას, შესაბამისად, ჩემი პოზიციაც არის ის, რომ ჩვენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან პოლიტიკურ პარტიებს ვაფინანსებთ სწორედ იმის გამო, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა აიღონ პასუხისმგებლობა მოქალაქეების წინაშე, მიიღონ მონაწილეობა ამ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში და შეასრულონ ის დაკვეთა, რა დაკვეთასაც მათ აძლევს მოქალაქე და რა დაფინანსებსაც ეს მოქალაქე იხდის თავის ჯიბიდან. შესაბამისად, ყველა დაფინანსება არის მიბმული პასუხისმგებლობაზე“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციას დაფინანსებითს თაობაზე წერილობით 14-დან ცხრა პარტიამ მიმართა. ეს პარტიები არიან: “ქართული ოცნება“, “ევროპული საქართველო“, “ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან ერთად საარჩევნო ბლოკში შემავალი: – “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, “პროგრესი და თავისუფლება“, “რესპუბლიკური პარტია“ და “ევროპელი დემოკრატები“; ასევე, “გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი“ და “კანონი და სამართალი“.