მამუკა ხაზარაძე: ჩვენ ცალსახად უარს ვამბობთ საპარლამენტო დაფინანსებაზე, პარტიის დაფინანსების საკითხზე კი უახლოეს დღეებში გვექნება პოზიცია
„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, კანონმდებლობით, პოლიტიკური პარტიების დაფინანსება ამომრჩეველთა ხმების რაოდენობით განისაზღვრება და აღნიშნული თანხა პარტიებს საქმიანობის გასაგრძელებლად გამოეყოფათ.
„თქვენ იცით, რომ კანონმდებლობით, დაფინანსება, რაზეც მიდის საუბარი, არის ადამიანების, ამომრჩევლის რაოდენობით განსაზღვრული თანხა, რომელიც მიეცემა პარტიებს მათი საქმიანობის გასაგრძელებლად. ეს არ არის საპარლამენტო დაფინანსება, რაზეც ჩვენ, რა თქმა უნდა, უარს ვაცხადებთ – ესაა ხელფასები, თუ სხვა, იმიტომ, რომ არ შევდივართ პარლამენტში. შესაბამისად, ლაპარაკი არის პარტიების მომავალზე, თუ ეს დაფინანსება პარტიებს არ ექნებათ, რაზეც „ოცნებამაც“ თანხმობა განაცხადა და სხვა პარტიებმაც, მაშინ ისინი დემოკრატიულ პროცესში ვერ მიიღებენ მონაწილეობას, ისინი ვერ გააგრძელებენ რეგიონებში თავიანთ საქმიანობას და ქვეყანაში ისედაც ძალიან დაბალი დემოკრატიული პროცესი კიდევ უფრო ჩიხში მოექცევა. ჩვენ ცალსახად უარს ვამბობთ საპარლამენტო დაფინანსებაზე, რაც შეეხება პარტიის დაფინანსებას, ამ დღეებში მიდის მსჯელობა პოლიტსაბჭოში და უახლოეს დღეებში გვექნება პოზიცია. ვაღიარებთ არა, ეს არის კანონმდებლობით დადგენილი, ეს არის შედეგი იმ ადამიანების, რომლებმაც პარტიას მისცეს ხმა, შესაბამისად, დაფინანსება უფრო მეტი უნდა ყოფილიყო იმიტომ, რომ არჩევნები გაყალბდა“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.