როდის აღარ არიან გადამდები კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები – მარინა ენდელაძის განმარტება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი, მარინა ენდელაძ​ე განმარტავს, თუ როდის აღარ არიან გადამდები კორონავირუსით ინფიცირებული უსიმპტომო, მსუბუქი თუ საშუალო სიმპტომების მქონე პაციენტები.

„თუ პაციენტი უსიმპტომოა, მაგრამ მას დაუდასტურდა კოვიდინფექცია, დადასტურებიდან 10 დღის შემდეგ ის უკვე აღარ არის გადამდები, მას ტესტირება არ სჭირდება, უკვე შეუძლია, გავიდეს საზოგადოებაში და ჩათვალოს, რომ არავის დააინფიცირებს. რაც შეეხება სიმპტომიან პაციენტებს, მსუბუქი და საშუალო სიმძიმის სიმპტომებით, მსუბუქ და საშუალო სიმძიმის პაციენტებს 10 დღეზე მეტი არ გაუგრძელდებათ სიმპტომები, შესაბამისად, კიდევ სამი უსიმპტომო დღე და 13 დღის შემდეგ აღარ არიან გადამდები, ითვლებიან გამოჯანმრთელებულად, შეუძლიათ, შეუერთდნენ საზოგადოებას.

ინფექციის გადადება მეექვსე, მეშვიდე დღიდან უკვე ნაკლებია. შეიძლება, „პისიარ“ ტესტი იყოს დადებითი, თუმცა, გადამდებლობა უკვე 5, 6, 7 დღის შემდეგ ნაკლებია. თუ 13 დღეა გასული, ის კატეგორიულად არ არის გადამდები, შეიძლება, ტესტი იყო დადებითი, მით უმეტეს, „პისიარი“ არის ძალიან მგრძობიარე მეთოდი და შეიძლება, ვირუსის მკვდარი ნაწილაკებიც აღიქვას“, – განაცხადა ენდელაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში, მარი მალაზონიას გადაცემაში „პირადი ექიმი“.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები