მამუკა ხაზარაძე: გამოსავალი ერთია, შეიცვალოს საარჩევნო ადმინისტრაცია და ჩატარდეს ახალი არჩევნები

გამოსავალი, ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი – შეიცვალოს საარჩევნო ადმინისტრაცია და ჩატარდეს ახალი არჩევნები, – ამის შესახებ ,,ლელოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ელჩებთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, მოსახლეობის და ამომრჩევლის ნახევარზე მეტმა დაადასტურა, რომ ოპოზიციური პარტიების ხმები იქნა მოპარული.

„მინდა, ვისარგებლო ამ შემთხვევით და კიდევ ერთხელ განვმარტო, სად ვიმყოფებით ჩვენ, როგორც ქვეყანა, სახელმწიფო და რა პერსპექტივაა, როგორ გამოვიდეთ ყველა ერთად იმ შექმნილი მდგომარეობიდან, პოლიტიკური კრიზისული, პანდემიური და საერთოდ კრიზისული ეკონომიკური მდგომარეობიდან. მოცემულობა არის შემდეგი, რომ არჩევნები გაყალბდა, ეს ფაქტია. მოსახლეობის და ამომრჩევლის ნახევარზე მეტმა დაადასტურა, რომ ოპოზიციური პარტიების ხმები იქნა მოპარული. არის პოლიტიკური კრიზისი შექმილი, ამიტომ აქედან გამოსავალი, ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი – შეიცვალოს საარჩევნო ადმინისტრაცია და ჩატარდეს ახალი არჩევნები. ნებისმიერი სხვა მცდელობა, რომელიც „ქართული ოცნების“ მხრიდან იქნება ჩატარებული – ცალ-ცალკე რაღაც გზავნილები სხვადასხვა პარტიასთან, იქნება უშედეგო იქედან გამომდინარე, რომ ამ ქვეყანას სჭირდება სწრაფი გადაწყვეტილებები. ამიტომ, პირადად მე, ვაპირებ, ვისაუბრო ჩვენს ამომრჩეველთან და მოსახლეობასთან გამოსავლის გზების ძიებაზე და არა იმ ყოველდღიურ პიარკამპანიებზე, რომელსაც გვთავაზობს ყოველდღიურად „ქართული ოცნების“ სხვადასხვა წარმომადგენელი“, – განაცხადა ხაზარაძემ.

ოპოზიციური პარტიების ლიდერები აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ინდივიდუალურ შეხვედრებს განაგრძობენ. მმართველი გუნდი ოპოზიციასთან მოლაპარაკებებს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში 12 ნოემბრიდან მართავს. დიალოგის მესამე რაუნდის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები